ფოთის პორტის თითქმის 70% პარალიზებულია

ფოთის პორტის თითქმის 70% პარალიზებულია

მეხუთე დღეა ფოთის პორტის თითქმის, 70% პარალიზებულია. სანამ ნავსადგურის მენეჯმენტი გაფიცული მუშა-მოსამსახურეების მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ისინი სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ.

მუშათა კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, ხელფასების გაზრდის პირობა, მათ მხოლოდ ერთი ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მიიღეს და ისიც სიტყვიერად.

"არავის ინტერესში არ არის ქუჩაში დგომა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პორტის მენეჯმენტს კონსტრუქციული დიალოგისკენ და ჩვენის მხრიდან მზადყოფნას გამოვთქვამთ. ოთხი დღეა გაჩერებულია საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ობიექტი და წარმოდგენილი გვაქვს რამხელა ფინანსური ზარალი ადგება ამით ყველას, მათ შორის ჩვენც ", - განაცხადა, საგაფიცვო კომიტეტის წევრმა, გოჩა ჩემინავამ.

გაფიცულები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პორტის ხელმძღვანელებს კონსტრუქციული დიალოგისკენ, ხოლო მოლაპარაკებების არბიტრაჟს მთავრობას სთხოვენ.

საყოველთაო გაფიცვა ფოთის პორტში პირველ ნოემბერს გამოცხადდა. ამ დრომდე არ მუშაობენ სანავსადგურო ფლოტის, რეზერვისტთა ჯგუფების თანამშრომლები და მეამწეები.