არჩილ კბილაშვილი: ქვეყნიდან წასულ ყოფილ მაღალჩინოსნებზე ინტერპოლით ძებნა მაშინვე დაიწყება, როგორც კი მათი ბრალეულობა გამოიკვეთება

არჩილ კბილაშვილი: ქვეყნიდან წასულ ყოფილ მაღალჩინოსნებზე ინტერპოლით ძებნა მაშინვე დაიწყება, როგორც კი მათი ბრალეულობა გამოიკვეთება

მთავარი პროკურორის განცხადებით, ქვეყნიდან წასულ ყოფილ მაღალჩინოსნებზე ინტერპოლით ძებნა მაშინვე დაიწყება, როგორც კი პროკურატურაში კონკრეტული საჩივრები შევა და ქვეყნიდან წასულთა ბრალეულობა გამოიკვეთება.

არჩილ კბილაშვილის განმარტებით, გახმაურებული საქმეების გარდა ექს-მინისტრებს, სავარაუდოდ იმ ფინანსურ დარღვევებსა და ვალებზეც მოუწევთ პასუხისგება, რომლებიც არჩევნების შემდეგ მიტოვებულ სამინისტროებში დატოვეს.

„დღეს არსებული ან მომავალში შემოსული ინფორმაციით, გამოძიების თუკი დროს მივალთ იმ აზრამდე, რომ ამა თუ იმ თანამდებობის პირმა მოქმედმა თუ ყოფილმა, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფმა დანაშაული ჩაიდინა, ბუნებრივია ყველა ზომას გამოვიყენებთ“ - განაცხადა კბილაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი კი ქვეყნიდან წასულ მინისტრებს „დეზერტირებად“ მოიხსენიებს.

„გაქცევა რას ნიშნავს, არ ვიცი, მაგრამ მათ მიატოვეს თანამშრომლები, მიატოვეს ქვეყნის საქმე, რომელსაც თურმე ასე ამაყად ემსახურებოდნენ. როდესაც ემსახურები საქმეს, შენი ნაკეთები კეთილი საქმეები ბოლომდე უნდა დაიცვა, თუკი ასეთი არსებობს“ - აცხადებს ხიდაშელი.

ამ დროისათვის ქვეყნიდან წასულ ყოფილი მარალჩინოსანთა შორის დათა და ბაჩო ახალაიები, ზურა ადეიშვილი, დიმიტრი შაშკინი და მურთაზ ზოდელავა არიან.

მათი ადგილმდებარეობა უცნობია.