შსს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უარყოფს

შსს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უარყოფს

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო   განცხადებას ავრცელებს.

 განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც  წესი არ აპირებს პოლიტიკურ პარტიებთან დებატებში ან რაიმე სახის პოლიტიკურ პოლემიკაში შესვლას.

 „მიგვაჩნია,  რომ ეს არ არის უწყების ფუნქცია და უწყებას გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს გადასაჭრელი. განცხადება, რომელსაც გთავაზობთ მხოლოდ და მხოლოდ ახლადდანიშნული თანამდებობის პირებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით არის განპირობებული და საზოგადოების სწორად ინფორმირებას ემსახურება“ - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ამ მიზნით, სამინისტრო აქვეყნებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" -ის მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ეთერში 2009 წლის  15 აპრილს გავიდა.

 შსს-ს ცნობით, აღნიშნულ მასალაში ინტერვიუს ავტორი ვარვარა პროხომენკო თავად ადასტურებს, რომ არასწორად გადმოსცა რესპოდენტის აზრი.

 განცხადებას თან ერთვის ფაილის სახით მიმაგრებული 2009 წლის 15 აპრილს „რუსთავის 2“-ის ეთერში გასული სიუჟეტი.

 რაც შეეხება სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმს", შსს-ში აცხადებენ, რომ 2002 -2003 წლებში უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მართლაც აწარმოებდა სისხლის სამართლის საქმეს, ჩატარდა საგამოძიებო სამუშაოები რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფ სააქციო საზოგადოება „ჭიათურმანგანუმთან" დაკავშირებით, რომლის შედეგადაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული რამდენიმე დანაშაულში მხილებული პირი.