რამაზ საყვარელიძე: ზურაბ აბაშიძეზე უკეთესი კანდიდატურის დასახელება ძნელიც კია

რამაზ საყვარელიძე: ზურაბ აბაშიძეზე უკეთესი კანდიდატურის დასახელება ძნელიც კია

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად ზურაბ აბაშიძის დანიშვნას ექსპერტი რამაზ საყვარელიძე დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ზურაბ აბაშიძე ქართულ სინამდვილეში ცნობილია  მაღალი პროფესიონალიზმით და მას თავის დროზე, როგორც ელჩს რუსეთში უწევდა თანამშრომლობა ბევრ სტრუქტურებთან.

"მას შეუძლია ეს კავშირები აღადგინოს და გამოიყენოს. ალბათ უკეთესი კანდიდატურის დასახელება ძნელიც კია და თან ზურაბ აბაშიძე წარმატებული ელჩი იყო ყველა იმ არენაზე, სადაც მოუწია მუშაობა", -აღნიშნავს ექსპერტი From.ge -სთან საუბარში.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა უახლოეს დროშია მოსახერხებელი და რეალისტური, რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ კავშირების აღდგენა პოლიტიკური ნების საშუალებით უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე შესაბამისი მექანიზმებით.

"რუსეთთან ურთიერთობას გარდა პოლიტიკური ნებისა, სჭირდება მექანიზმი და ამ სპეციალური წარმომადგენლის საშუალებით განხორციელდება ის მექანიზმები, რომლებიც მიიყვანენ რეალობამდე ასეთ განზრახულობებს. თუკი პოლიტიკური ნება რუსეთის მხრიდან იქნა შესაბამისი იმისა, რაც ქართულ მხარეს აქვს გამოხატული, მერე უკვე მექანიზმების საკითხი დგება. პოლიტიკური ნება უფრო მოკლე დროში შეიძლება გაცხადდეს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, მექანიზმები უფრო დიდ დროს ითხოვენ იმისთვის, რომ რეალობად იქცეს განზრახულობა", -აღნიშნავს რამაზ საყვარელიძე .