ალეკო შალამბერიძე: ირაკლი პეტრიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტს წარმოადგენდა

ალეკო შალამბერიძე: ირაკლი პეტრიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტს წარმოადგენდა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივნის ალეკო შალამბერიძის განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების წარმოამდგენელები ახალი პროფკავშირების „სოლიდარობა 2“-ის ჩამოყალიბებას აპირებენ და პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

„ირაკლი პეტრიაშვილი, იმის მაგივრად, რომ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში გაეძლიერებინა დემოკრატიული საწყისები, ჩარჩა ძველ დროში და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტს წარმოადგენდა. იგი არა თუ ეხმარებოდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, არამედ მათ წინააღმდეგაც გამოდიოდა.

2011 წლის თებერვლის ბოლოს, როდესაც სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა გაფიცვა იყო, იმის მაგივრად, რომ პროფკავშირები მათ გვერდით დამდგარიყო და მძღოლების უფლებები დაეცვა, პეტრიაშვილის დამქაშები დაყვებოდნენ სოდ-ს და კუდ-ს და მათ სახლებს აჩვენებდნენ, ვინც გაფიცვების ორგანიზატორები იყვნენ.

პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირების პრეზიდენტი არა აირჩიეს, არამედ პეტრიაშვილმა დანიშნა და ამის მსგავსი დანაშაულებრივი ფაქტები, საკმაოდ ბევრი  არსებობს“,-აცხადებს შალამბერიძე From.ge-სთან  საუბარში.

„თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოში არა ერთი, არამედ რამდენიმე პროფკავშირი უნდა იყოს, რომლებიც კონკურენტუნარიანად შეძლებენ ადამიანების პროფესიონალური უფლებების დაცვას.

„მე ვეხმარები ახალი პროფკავშირებს „სოლიდარობა 2“-ს ჩამოყალიბებაში, რომლის საინიციატივო ჯგუფის სხდომა უკვე გაიმართა.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ჩემთან ერთად არიან   ემზარ ბეჟაშვილი, გია ყრუაშვილი, ლია ნიკოლაიშვილი, ნინელი ჩახვაძე, კობა ხარაიძე და სხვები. მალე ყრილობასაც გავმართავთ. კიდევ მინდა გავიმეორო, რომ საქართველოში რამდენიმე პროფკავშირი, მინიმუმ ორი მაინც უნდა არსებობდეს, რათა დემოკრატიულ საქართველოში რეალურად მოხდეს ადამიანების და მათი პროფესიული უფლებების რეალური დაცვა და არა ისე, როგორც ამას ირაკლი პეტრიაშვილი დანაშაულებრივად აკეთებდა“,-განაცხადა ალეკო შალამბერიძემ.