ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი განცხადების შემდეგ, რუსეთის  მხრიდან შესატყვისი ნაბიჯის გადადგმას ველოდებით

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი განცხადების შემდეგ, რუსეთის მხრიდან შესატყვისი ნაბიჯის გადადგმას ველოდებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იმედოვნებს, რომ რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობები დალაგდება და აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვა, ამ მიმართულებით  ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

„ჩავთვალოთ,  რომ რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად, ეს პირველი ნაბიჯია. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სერიოზული თანამდებობაა.  ზურაბს  ჩემთან ექნება ურთიერთობა. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა და ზურაბმა ჩემი დამოკიდებულება და ხედვები კარგად იცის.  დღევანდელი ჩვენი განცხადების შემდგომ, რუსეთის ფერედაციის მხრიდან შესატყვისი ნაბიჯის გადადგმას ველოდებით. 

დაველოდოთ მოვლენებს.  ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია  შეიცვლება“, - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ის  რიტორიკა გუშინ იყო, დღეს კი, ახალმა მთავრობამ ახალი ფურცლიდან დაიწყო მოქმედება.

„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაცვლელად და დასალაგებლად ეს ახალი გზაა“, - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება,  რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის მოგვარებას, ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს მათი პრიორიტეტია, თუმცა აღნიშნავს, რომ ამას გაცილებით დიდი დრო დასჭირდება.

„საწყის ეტაპზე მიგვაჩნია, რომ  რუსეთთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა უახლოეს დროშია მოსახერხებელი და  რეალისტურია.  რაც შეეხება,  დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას,  ეს სწრაფად ვერ მოხდება და ადვილი პროცესი არ იქნება. ჩვენ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე აუცილებლად ვიზრუნებთ“,- განაცხადა ივანიშვილმა.