ინფრასტრუქტურისა სამინისტრო შიდა აუდიტის სამსახურის საშუალებით კონკრეტული პროექტების აუდიტის დაწყებას გეგმავს

ინფრასტრუქტურისა სამინისტრო შიდა აუდიტის სამსახურის საშუალებით კონკრეტული პროექტების აუდიტის დაწყებას გეგმავს

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგილაშვილი სამინისტროში განსახორციელებელ გეგმებზე საუბრობს.

როგორც მან ტელეკომპანია "მაესტროს" პრეს-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, პირველ რიგში, სამინისტროში ინვენტარიზაცია იგეგმება, რისთვისაც სამართლებრივი პროცედურები უკვე მიმდინარეობს.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტრომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა, რათა შეიქმნას სპეციალური ინვენტარიზაციის კომისია, რომელიც აუდიტის სამსახურთან ითანამშრომლებს.

ამასთან , როგორც შერგილაშვილმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო შიდა აუდიტის სამსახურის საშუალებით კონკრეტული პროექტების აუდიტის დაწყებასაც გეგმავს.

"რასაკვირველია, არის პროექტები, რომლებიც ეჭვს იწვევს. რადგან ინფრასტრუქტურის სამინისტრო პრეზიდენტისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების ხორცშესხმას ემსახურებოდა" - განაცხადა შერგილაშვილმა და დასძინა, რომ გარდა ამისა, სამინისტრო ითავსებდა ისეთ ფუნქციებს, რაც ფორმალურად მის ვალდებულებაში არ შედიოდა .

თემგიზ შერგილაშვილმა მაგალითად ქუთაისის პარლამენტის შენობა მოიყვანა და აღნიშნა, რომ მისი მშენებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ ეხებოდა, რადგან პროექტის განსახორციელებლად ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალური შპს შექმნა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ნახევარი სამინისტრო და მისი თანამშრომლები "გადაქცეული იყვნენ ე. წ პრარაბებად " და ქუთაისში იმყოფებოდნენ .

 "უფრო მეტიც, იყო სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც 3 -4 თვე თურქეთში იმყოფებოდა და შენობისთვის მინის დამზადებას ადევნებდა თვალყურს . ეს არის სრულიად არასისტემური დამოკიდებულება. ვადები, რომლებიც მოცემული იყო მშენებლობისთვის, არ შეესაბამებოდა ტექნოლოგიურ ვადებს. ყველაფრის სწრაფად გაკეთებას კი სჭირდებოდა მთელი რიგი არაფორმალური ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან" - აღნიშნა შერგილაშვილმა.

მისივე თქმით, პირველადი მონაცემებით, პარლამენტის შენობის დასრულება 25 -დან 30 მლნ-მდე ლარის ხარჯს უკავშირდება.

შერგილაშვილის განმარტებით, მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მთავრობა იმსჯელებს, ხოლო დასრულდება თუ არა მისი მშენებლობა, ძირითადად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფუნქცია ექნება მას.