დიმიტრი შაშკინი: როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემი მისამართით აგორებულია ბინძური და უზნეო კამპანია

დიმიტრი შაშკინი: როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემი მისამართით აგორებულია ბინძური და უზნეო კამპანია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი კორუფციულ გარიგებაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას  სიცრუეს  უწოდებს და ამ ბრალდებას კვლავ სოციალუ ქსელ  facebook-ზე  პასუხობს.

From.ge  დიმიტრი შაშკინის   განცხადებას უცვლელად  გთავაზობთ.:

"როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემი მისამართით აგორებულია ბინძური და უზნეო კამპანია. არ ვაპირებ, თავი შევიკავო და დავუშვა, რომ ჩემ სახელთან ასოცირებული იყოს პასუხგაუცემელი ბრალდებები. "მე-9 არხზე" ამაზრზენი ტყუილი გაჟღერდა. ყველა ბრალდება ჩემსა და ჩემი გუნდის მიმართ აბსოლუტური ცილისწამება და სიცრუე იყო.

2011 წელს 1-6 კლასებისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა შევიდა ძალაში, შესაბამისად, კანონის მიხედვით, დღის წესრიგში სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხი დადგა. ეს იმას ნიშნავს, მე კი არ გავაუქმე სახელმძღვანელოების ლიცენზიები, როგორც ეს სიუჟეტშია ნათქვამი, არამედ, კანონის მოთხოვნის მიხედვით, გამომცემლებს მოუწია 1-6 კლასების სახელმძღვანელოებისთვის ახალი გრიფირების მიღება.

2011 წელს შუამავლის მეშვეობით, სიუჟეტში ნაჩვენები პიროვნება დამიკავშირდა და პირისპირ შეხვედრა მთხოვა. შეხვედრა პრობლემა არასოდეს არ იყო, რადგან მე გამომცემლებს ყოველთვის ვხვდებოდი, ოღონდ - საჯაროდ. თუმცა, აღნიშნულ პიროვნებას უნდოდა ჩემთან პირისპირ შეხვედრა და უკვე ადვილი მისახვედრი იყო, რომ მას კანონსაწინააღმდეგო წინადადების გაკეთება უნდოდა. ამ განზრახვის შესახებ იმავე დღეს შევატყობინე შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას. შედეგად, სამართალდამცავმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ დაგეგმილიყო სპეციალური ოპერაცია, რათა აღკვეთილიყო უკანონო ქმედება და დამნაშავეების დაკავება კონკრეტულ ფაქტზე მომხდარიყო.

სწორედ ამ მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მოავლინეს, რომლებმაც დაკავების ოპერაცია დაგეგმეს და აღასრულეს, რაც საზოგადოებამ სიუჟეტში იხილა, ეს მათი ოპერატიული მუშაობის კადრები იყო. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ დამნაშავეები დაეკავებინათ თანხის გადაცემის მომენტში და სწორედ ასეც მოხდა.

ქრთამის გადაცემის მომენტი გადაღებული იყო და შემდგომში ტელევიზიებითაც არაერთხელ გადაიცა. ამ ფაქტს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა, საუკეთესო მოსწავლეებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტის სასახლეში და აღნიშნა, რომ შაშკინი ქრთამებს არ იღებდა. მან სხვებს მიმართა, რომ მომავალში ნურავინ ეცდება ამის გაკეთებას. ყველა ეს ფაქტი სატელევიზიო არქივებშია და ძალიან მარტივად შეიძლება ამის გადამოწმება. მე ვადასტურებ, რომ ამ ადამიანებს, ქრთამის სახით უნდოდათ, ჩემთვის 50,000 აშშ დოლარი და მათი ბიზნესის გარკვეული წილი შემოეთავაზებინათ", - ნათქვამია შაშკინის განცხადებაში.