განათლების სისტემაში შაშკინის მინისტრობის დროს კორუფციული გარიგების შესახებ „მე-9 არხი“ ფარულ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

განათლების სისტემაში შაშკინის მინისტრობის დროს კორუფციული გარიგების შესახებ „მე-9 არხი“ ფარულ ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

განათლების სისტემაში დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს კორუფციული გარიგების სქემა გაშიფრულია. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მე-9 არხი" ვიდეომასალის სახით ფარულ ჩანაწერს ავრცელებს.

ფარულ ჩანაწერში განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ ბიზნესმენებისათვის ფულის გამოძალვის ფაქტებია ასახული.

საქმეში ფიგურირებს მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე და მინისტრის თანაშემწე ვინმე ფელიქს უბირია, რომელიც შაშკინის სახელით საუბრობს. საქმეში ასევე გარეულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

რაც შეეხება თავად გარიგების სქემას, ის ასეთი იყო: განათლების სამინისტროში დაბარებულ ბიზნესმენებს სახელმძღვანელოების შემოტანის ახალი ლიცენზიის მისაღებად ქრთამს სთხოვდნენ , შემდეგ კი მოსყიდვის ბრალდებით ციხეში უშვებდნენ. ფარულ ვიდეოზე 50 ათასი დოლარის გამოძალვის ფაქტი გადაღებულია. მიუხედავად ამისა, გამომძალველის მაგივრად გამოძალვის ობიექტი ბიზნესმენი - კავკასიის აკადემიური ცენტრის დამფუძნებლები დავით ცეცხლაძე და ნიკა ბაქარაშვილი 2011 წლის ივლისში დააკავეს და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მათ უცხოეთიდან ინგლისურის წიგნების შემოტანისთვის სპეციალური გრიფის მიღება სურდათ და მოლაპარაკებებს თანაშემწე აწარმოებდა, რომელიც ფელიქს უბირიას სახელით გაეცნო.

კადრებში ისმის ფელიქს უბირიას საუბარი, რომ ამ ყველაფერს მინისტრი შაშკინი და მისი მოადგილე კოკა სეფერთელაძე კურირებენ . საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად ფელიქს უბირიამ ბიზნესმენი მინისტრის მოადგილეს, კოკა სეფერთელაძეს შეახვედრა. თუმცა კადრებში ის არ ჩანს და მხოლოდ მისი ხმა ისმის.

ბიზნესმენებმა ეს მასალა ფარულად გადაიღეს, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამ მასალებს სამართალდამცავებს გადასცემდნენ და კორუფციულ სქემას გამოააშკარავებდნენ , თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს კუდ-ისგამომძიებლები ამ მასალებით არ დაინტერესდნენ.