კოტე კუბლაშვილი ბიუჯეტის 2 მილიონით გაზრდას ითხოვს

კოტე კუბლაშვილი ბიუჯეტის 2 მილიონით გაზრდას ითხოვს

სასამართლო ხელისუფლება  თანამშრომლებისა და მოსამართლეების ხელფასებზე  10%-იან მატებას ითხოვს.   საერთო ჯამში დაახლოებით, 2 მილიონ ლარზეა საუბარი.

აღნიშნულ საკითხებზე მოსამართლეთა რიგით მე-9 კონფერენციაზე იმსჯელებენ,  რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებით,  დღევანდელ კონფერენციაზე მათ ორი საკითხი  აქვთ გამოტანილი.

„პირველი მომავალი წლის ბიუჯეტს შეეხება და 2013 წლისთვისაც ზუსტად იგივე ბიუჯეტს ვითხოვთ. ეს ფინანსური დამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს კანონში არის ნორმა,  რომლის მიხედვითაც, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს – არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს, არც პარლამენტს არ შეუძლია სასამართლო სისტემის ბიუჯეტის შემცირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობის გარეშე. ასევე, ჩვენ ვითხოვთ 10%-იან მატებას თანამშრომლებისა და მოსამართლეების ხელფასებზე. საერთო ჯამში, საუბარია დაახლოებით 2 მილიონ ლარზე. რაც შეეხება მეორე საკითხს, ის მოსამართლეთა საპენსიო სისტემის გაუმჯობესების მოთხოვნაც გულისხმობს. 2005 წელს,  როცა რეფორმა დავიწყეთ, კონცეფციაში საპენსიო სისტემის გაუმჯობესება ერთ-ერთი საკითხი იყო. შემდეგ მივიღეთ კიდეც კომპენსაციების შესახებ კანონი და ეს განხორციელდა, მაგრამ კიდევ უფრო წინწასვლას ვაპირებდით,  რაც 2008-2009 წლის ეკონომიკური კრიზისის გამო ვერ მოხერხდა. ახლა ჩავთვალეთ, რომ არის ის დრო, მოსამართლეთა პენსიები სხვაგვარად განისაზღვროს“, - კუბლაშვილმა.

კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ ორივე საკითხის გადაწყვეტას მთავრობის და პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.

ის იმედს გამოთქვამს, რომ ახალი მთავრობის მიერ, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება და აღნიშნავს, რომ მათთან ურთიერთობა და ამ საკითხებზე საუბარი ექნებათ.

„ბუნებრივია,  ჩვენ გვექნება მთავრობასთან ურთიერთობა და საუბარი ამ საკითხებზე,  რათა ცივილიზებულად და კანონმდებლობით დადგენილი ჩარჩოების მიხედვით მოხდეს მათი განხილვა. იმედია, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება. ჩვენ კანონპროექტი უკვე მომზადებული გვაქვს, რომელსაც მთავრობას გადავუგზავნით. უკვე ამის შემდეგ კი, დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს გადაეცემა, რომელიც ჩვენს წინადადებებს ან დაეთანხმება ან - არა“, - განაცხდა კუბლაშვილმა.