ქვემო ქართლის ადმინისტრაცია მზად არის რუსთავის თეატრთან დაკავშირებული ყველა პრობლემა კულტურის ახალ მინისტრთან ერთად გადაწყვიტოს

ქვემო ქართლის ადმინისტრაცია მზად არის რუსთავის თეატრთან დაკავშირებული ყველა პრობლემა კულტურის ახალ მინისტრთან ერთად გადაწყვიტოს

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია რუსთავის თეატრის მიმართ ბოლო პერიოდში გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო 3 წლის განმავლობაში თეატრის დაფინანსება ორჯერ გაიზარდა, თუმცა აღნიშნულია, რომ ქვემო ქართლის ადმინისტრაცია არ ჩარეულა არც დასის შემადგენლობის დაკომპლექტებისა და არც სპექტაკლების დადგმის პროცესში.

ამასთან, ადმინისტრაცია მზად არის კულტურის ახალ მინისტრთან ერთად გადაწყვიტოს ყველა ის პრობლემა, რაც რუსთავის თეატრის დასსა და დირექციას მნიშვნელოვნად მიაჩნია.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო პერიოდში არაერთი ბრალდება, თუ არასასიამოვნო ინფორმაცია გაჟღერდა რუსთავის თეატრის შესახებ. ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს ,საზოგადოებამ იცოდეს იმ სამუშაოებისა და პროექტების შესახებ, რომელიც მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ რუსთავის თეატრის ასაღორძინებლად ჩაატარა. მოგახსენებთ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში თეატრის დაფინანსება ორჯერ გაიზარდა. გამოიყო დაახლოებით მილიონი ლარი იმისთვის, რომ თეატრის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულიყო. ქვემო ქართლის ადმინისტრაცია არ ჩარეულა არც დასის შემადგენლობის დაკომპლექტებისა და არც სპექტაკლების დადგმის პროცესში. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავდით მზადყოფნას, თეატრისათვის პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა მიგვეღო. თუ დღეს და ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციები არ არის პოლიტიკურად მართული, მზად ვართ,  კულტურის ახალ მინისტრთან ერთად გადავწყვიტოთ ყველა ის პრობლემა, რაც რუსთავის თეატრის დასსა და დირექციას მნიშვნელოვნად მიაჩნია. ყველა დაინტერესებულ მხარეს საკითხის განსახილველად ორშაბათს, 29 ოქტომბერს, 12:00 საათზე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შეუძლია მობრძანდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

რუსთავის თეატრის მსახიობები თეატრში პრობლემების შექმნაში ზუმბას, ნიაზ დიასამიძესა და დავით კირკიტაძეს ადანაშაულებენ.