ღუდუშაურის ცენტრის გადარჩენის თხოვნით ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ

ღუდუშაურის ცენტრის გადარჩენის თხოვნით ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავენ

ოთარ ღუდუშაურის სახელობის ორთოპედიის და სპორტული ტრავმის ინსტიტუტის დამფუძნებლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გადარჩენის თხოვნით ღია წერილით მიმართავენ.

„მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი წარმოადგენდა სტრატეგიულ ეროვნულ ობიექტს, იგი დაფუძნებული იყო ნაციონალური ცენტრის კონცეფციაზე, რომლის ანალოგები არაერთი არსებობდა ჩვენს ქვეყანაში (მაგალითად აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო და ი.ჟორდანიას სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) რომლებიც სრულიად იქნა გავერანებული,  გაკოტრებული და საეჭვოდ გაყიდული. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი გაყიდულ იქნა ტენდერის გარეშე მცირე ფასად, 7 წლით პროფილის შენარჩუნებით, რაც ნიშნავს იმას,  რომ შემდგომ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი შეწყვეტს არსებობას.

ბატონო ბიძინა,  დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თქვენდამი მონათხრობი არ დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“ და თქვენი და ჩვენი ახალი მთავრობის თაოსნობით, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის ფარგლებში მოხერხდება ჯანდაცვის სექტორის გაჯანსაღება, შელახული ექიმების უფლებების დაცვა, არსებული სადაო საკითხების გადახედვა და რაც მთავარია,  პაციენტის უფლებების გათვალისწინება და მათთვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რომელიც ასე იშვიათი და ხელმიუწვდომი გახდა დღევანდელი ჯანდაცვის სისტემისათვის“,- აღნიშნულია ღია წერილში, რომელსაც ხელს ოთარ ღუდუშაურის სახელობის ორთოპედიის და სპორტული ტრავმის ინსტიტუტის დამფუძნებლები აწერენ.

კლინიკის ორთოპედიულ-ტავმატოლოგიური განყოფილების ყოფილი  ხელმძღვანელის  ბადურ ზიმლიცკის განცხადებით, კერძო ინტერესების გამო,  40 მილიონ ლარად შეფასებული საავადმყოფო დაახლოებით 5 მილიონ ლარად გაიყიდა. 1000-მდე პროფესიონალი მედპერსონალი კი, სამსახურიდან წავიდა.

ზიმლიცკის განცხადებით, 2003 წელს, იაპონიის ფინანსური დახმარებით, ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის კლინიკო-ექსპერიმენტალურ ცენტრს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და აღიჭურვა თანამედროვე სამედიცინო აპარატურით.

საქართველოში ჩამოყალიბდა სრულიად ახალი კონცეფციის მქონე ეროვნული სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ეწოდა აკადემიკოს ოთარ ღუდუშაურის სახელი.

მასში გაერთიანდა ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის კლინიკო-ექსპერიმენტალური სასწავლო ცენტრი, კატასტროფის მედიცინის ცენტრი და პერინატალური ცენტრი, სადაც გაგრძელდა, როგორც სამეცნიერო-პედაგოგიური, ასევე კლინიკური საქმიანობა.

ზიმლიცკის თქმით, ცენტრში განთავსებული იყო უნივერსიტეტის ტრავმატოლოგიის-ორთოპედიის და სამხედრო საველე ქირურგიის, ასევე დიპლომის შემდგომი განათლების ექიმთა სპეციალიზაციის კათედრა.