ირბინე ჯანმრთელობისთვის - ირბინე ქველმოქმედებისთვის!

ირბინე ჯანმრთელობისთვის - ირბინე ქველმოქმედებისთვის!

კვირას, 28 ოქტომბერს  10:00 საათზე ჰაიდელბერგცემენტი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გრანდიოზულ ღონისძიებას გამართავს. „თბილისიმარათონი“ - ეს იქნება პირველი მასშტაბური ნახევარმარათონი საქართველოში, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათისაა. შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ გადაირიცხება, რომელიც თბილისის, რუსთავისა და კასპის რეგიონების  ბენეფიციარებისთვის იქნება განსაზღვრული.

პროექტი ჰაიდელბერგცემენტის ეგიდითა და  საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება. ნახევარმარათონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს - მოყვარულსა თუ პროფესიონალს ეძლევა. მნიშვნელოვანია, რომ „თბილისიმარათონი“ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველ წელს გაიმართება.

„ჰაიდელბერგცემენტი, როგორც სამშენებლო მასალების მწარმოებელი, სოციალურ პროექტებს განსაკუთრებით იმ რეგიონებში ავითარებს, სადაც მისი საწარმოებია განთავსებული, შესაბამისად, „თბილისიმარათონის“ საქველმოქმედო ფონდი თბილისის, რუსთავისა და კასპის რეგიონებისთვისაა განსაზღვრული. ბენეფიციარები, რომელსაც ამ ნახევარმარათონის ფარგლებში დავეხმარებით ღონისძიებაზე დასახელდება“, – განმარტავს „ჰაიდელბერგცემენტის“ კომუნიკაციების მენეჯერი ნინო სუბელიანი.

მარათონში მონაწილეობენ, როგორც ჰაიდელბერგცემენტის, ასევე სხვა ბიზნესკომპანიის თანამშრომლები, საელჩოების წარმომადგენლები, მთლიანად თბილისის მოსახლეობა და უცხოელი სტუმრები, - მათ შორის ყველა, რომელიც რეგისტრირდა ვებ-გვერდზე  www.tbilisimarathon.ge.

მონაწილეობისთვის დაწესებულია საწევრო თანხა - 10 ლარი, რომლის საფუძველზეც თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი ქველმოქმედების მონაწილე ხდება - რეგისტრაციის დროს გადახდილი თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება და შერჩეული ბენეფიციარების დასახმარებლად შეგროვდება.

ამ ეტპაზე რეგისტრაცია გაიარა 500-ზე მეტმა ადამიანმა. რეგისტრაციის პროცესი  გაგრძელდება შაბათს, 27 ოქტომბერს 20:00 საათამდე. ამ დღეს დარეგისტრირებული მონაწილეები ნომრებს მიიღებენ მარათონის დაწყებამდე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. 

2012 წლის 25 ივლისს ჰაიდელბერგცემენტსა და საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მთავარ ამოცანას საქართველოში ჯანმრთელი ცხოვრების წესის  პროპაგანდა, კერძოდ სპორტული  ღონისძიებების, - მარათონების, ნახევარმარათონების და გარბენების დამკვიდრება და ამ აქტივობებში   საზოგადოების  მასობრივი ჩართულობა  წარმოადგენს.

ჰაიდელბერგცემენტი არის სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გლობალურ ბაზარზე და შედის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიო 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული. საქართველოში ჰაიდელბერგცემენტი 2006 წლიდან მოღვაწეობს და მართავს 3 ცემენტისა და 3 ბეტონის ქარხანას.