„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  ხელისუფლებას მოქალაქეთა უკანონო  „მოსმენების“ ფაქტების გამოიძიებისკენ მოუწოდებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხელისუფლებას მოქალაქეთა უკანონო „მოსმენების“ ფაქტების გამოიძიებისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ტელეკომუნიკაციის სფეროში სამართალდამცავი ორგანოების მიერ, მოქალაქეების უკანონო „მოსმენების“  თაობაზე  საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას  ეხმიანება და განცხადებას აქვეყნებს.

განცხადების თანახმად, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ერთ-ერთი ოპერატორი კომპანიის მფლობელმა, მამია სანადირაძემ განაცხადა, ხელისუფლებისთვის ამგვარ ქმედებაზე უარის თქმის გამო, მას გარკვეული პრობლემები შეექმნა.

შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მამია სანადირაძე იძულებული გახდა კომპანიის საკონტროლო პაკეტი გაეყიდა. 

„მიმდინარე წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ონლაინ მედია სფეროს მდგომარეობის კვლევის ფარგლებში საქართველოში მოქმედ მობილურ, ინტერნეტ და სატელეფონო სერვისის განმახორციელებელ ოპერატორებს კითხვარი გაუგზავნა, რომელიც სხვადასხვა საკითხებთან ერთად,  ქვეყანაში არსებული უნებართვო მოსმენების პრაქტიკას ეხებოდა. პირისპირ შეხვედრებისას მოწოდებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ოპერატორებმა წერილობით პასუხებში არ დაადასტურეს,  ჰქონდა თუ არა ადგილი საქართველოში მათ მომხმარებელთა მიმართ უკანონო მოსმენებს ან ხორციელდებოდა თუ არა მათზე ზეწოლა აღნიშნული უკანონო ქმედების ჩადენის მიზნით.

მისასალმებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად,  არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის სადაო მუხლი, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, სამართალდამცავ ორგანოს შესაძლებლობას აძლევდა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაკვირვება განეხორციელებინა დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობაზე.

სოციალურ ქსელებსა და მედიაში პერიოდულად ქვეყნდებოდა მთელი რიგი სატელეფონო საუბრების ჩანაწერები ყოველგვარი მითითების გარეშე. უცნობი იყო,  თუ რეალურად ვინ მოახდინა აღნიშნული აუდიოჩაწერა და შემდგომ მათი განთავსება. თვალშისაცემი იყო გასული წლების განმავლობაში პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდებში და,  განსაკუთრებით კი, არჩევნების წინ ისეთი აუდიომასალის გავრცელება, სადაც უმეტეს შემთხვევაში მთავარ მოქმედ პირებად ხელისუფლების ოპონენტები გვევლინებოდნენ.  ზოგ შეთხვევაში,  სატელეფონო საუბრების ჩაწერას ხელისუფლება ახორციელებდა. დღემდე საზოგადოებისთვის უცნობია, რა პირობებში და რის საფუძველზე ხდებოდა ამგვარი ჩანაწერების გაკეთება“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს,  ქვეყანაში მოქალაქეთა უკანონო „მოსმენების“ ფაქტები გამოიძიოს.

ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ  ზემოაღნიშნულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედმა ყველა ოპერატორმა მნიშვნელოვანია მათ ხელთ არსებული ინფორმაცია  საჯარო გახადოს.

 „მედია და კომუნიკაციების სექტორის შესწავლას და  აქ არსებული პრობლემების საზოგადოებისთვის გაცნობას  „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“  კვლავაც განაგრძობს“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.