ნოდარ  ხადური ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დღეისთვის არსებული ვითარებას გაეცნო

ნოდარ ხადური ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დღეისთვის არსებული ვითარებას გაეცნო

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მინისტრის რანგში სამინისტროს თანამშრომლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრები გამართა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია სამინისტროს სისტემაში დღეისთვის არსებული ვითარების შესახებ და ისაუბრა იმ სიახლეებისა და რეფორმების თაობაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ იგეგმება.

დღესვე მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის წამყვან ეკონომისტთან, რაშმი შანქართან და საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელ აზიმ სადიკოვთან.

შეხვედრებისას მხარეებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ამასთან, ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ახალი სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებზე, რომლის განხორციელებასაც მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გეგმავს.