„ინტერნიუს -საქართველო“ : სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად ტელეკომპანია „კავკასია“, გაზეთი „ასავალ-დასავალი“ და ინტერნეტ გამოცემა „for.ge“ იყენებს

„ინტერნიუს -საქართველო“ : სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად ტელეკომპანია „კავკასია“, გაზეთი „ასავალ-დასავალი“ და ინტერნეტ გამოცემა „for.ge“ იყენებს

 "ინტერნიუს -საქართველომ“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდაჭერით,  წინასაარჩევნოდ მედიის კვლევა განახორციელა. ორგანიზაციამ კვლევის შემაჯამებელი შედეგები დღეს,  სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ წარადგინა.

მედია-მონიტორინგის დროს,   „ინტერნიუს -საქართველო“  20 აგვისტოდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში მედიაში პოლიტიკური სუბიექტების მისამართით და მათი მხრიდან გამოხატული სიძულვილის ენის გამოყენებას აკვირდებოდა.

მონიტორინგის დროს, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“,  „მე-9 არხი“, „კავკასია“,  „რეალტივი“.  რადიოებიდან: რადიო 1,  „იმედი“  „მწვანე ტალღა“,  „ფორტუნა“,  „აფხაზეთის ხმა“,  „პალიტრა“ და „უცნობი“,  ხოლო ბეჭდური მედია საშუალებებიდან: „ალია“, „კვირის ქრონიკა“, „ასავალ - დასავალი“  „კვირის პალიტრა“  „24 საათი“, „რეზონანსი“, „ახალი თაობა“, "“პრაიმტაიმი“,  „თბილისელები“,  „სარკე“ და „ტაბულა“. ინტერნეტ გამოცერმები:  „netgazeti.ge“,  „liberali.ge“,  „tribuna.ge“,  „presa.ge“,  „news.ge“,  „for.ge“ და  „ambebi.ge“ .

„ინტერნიუს-საქართველოს“ მედია მონიტორის დიანა ჩაჩუას განცხადებით, მონიტორინგის ამ ორი თვის შედეგად გამოიკვეთა,  რომ ყველაზე ხშირად სიძულვილის ენის გამოყენება სატელევიზიო პოლიტიკურ თოქ-შოუებში,  ინტერნეტ გამოცემებსა და პრესაში ხდებოდა.

ტელევიზიებს შორის ყველაზე დიდი დოზით სიძულვილის ენას „კავკასია“ იყენებდა. შედარებით ნაკლებად,  „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

რაც შეეხება გაზეთებს, სიძულვილის ენის გამოყენებით,  პირველ ადგილზეა „ასავალ-დასავალი“, ყველაზე ნაკლებად კი,  ამ ენას „რეზონანსი“ იყენებდა.

ინტერნეტ გამოცემებს შორის, პირველობს „for.ge „ შედარებით ნაკლებად კი, გამოხატულია სიძულვილის ენა „netgazet“-ში  და „ლიბერალში“.

როგორც ჩაჩუა აცხადებს, სიძულვილის ენის წყაროები იყვნენ პრეზიდენტი, მოქალაქეები, ჟურნალისტები და პოლიტიკური პარტიები. 

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო პორტალი „tribuna.ge“  „ინტერნიუს -საქართველოს“ მიერ, ჩატარებული  წინასაარჩევნო მედიის კვლევის დროს,  არ ფუნქციონირებდა. „tribuna.ge“ - მ აქტივობა აგვისტოს თვეში შეწყვიტა.