ადვოკატები პარლამენტთან დაცვის ინსტიტუტის გაძლიერებისთვის კონსულტაციებს დაიწყებს

ადვოკატები პარლამენტთან დაცვის ინსტიტუტის გაძლიერებისთვის კონსულტაციებს დაიწყებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ადვოკატთა ინსტიტუციური დაცვის მექანიზმების აუცილებლობასთან დაკავშირებულ განცხადებას უწოდებს უმნიშვნელოვანესს, საქმიანს და გამოთქვამს სურვილს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ადვოკატთა კორპუსის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საკითხების სახელისუფლებო შტოებთან თანამშრომლობით გადაჭრასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტში, 25 ოქტომბერს სამთავრობო პროგრამის პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ უნდა მოხდეს ადვოკატის დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება, რომელიც მართლმსაჯულების განხორციელებას გახდის დამოუკიდებელს. პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და განაცხადა, რომ დაცვის ინსტიტუტის გაძლიერება აუცილებელი პროცესია. პარლამენტშივე ცნობილი გახდა, რომ მოკლე ხანში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებრივ ჯგუფებში განხილვის შედეგად იქნება მიღებული.

საქართველოს ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციური დევნისა და დისკრიმინაციის ფაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში ცენტრალური ადგილი უჭირავს. საერთაშორისო ობსერვატორიის ერთ–ერთი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადვოკატის პროფესია სარისკოდაა შეფასებული, რაც 2003–2012 წლებში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად იქცა. იმისთვის, რომ ადვოკატი გახდეს მართლმსაჯულების განხორციელებაში თანასწორუფლებიანი მხარე, მოიპოვოს დაცვის მხარის რეალური ფუნქცია, საჭიროა ინსტიტუციის მყარი  გარანტიები და სამართლებრივი საფუძველი. დროულია და მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით დაიწყოს საკანონმდებლო ორგანოსთან კონსულტაციები და გამოიკვეთოს რამდენიმე მთავარი წინადადებაც.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლობა საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებასთან საკონსულტაციოდ და ადვოკატთა ინსტიტუტის გაძლიერებისთვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის მიზნით ადვოკატების მონაწილეობით შექმნის სამუშაო ჯგუფს და პირველხაზოვან საკითხებად დააყენებს:

1. ადვოკატის ინსტიტუტის დაცვის კონსტიტუციური გარანტიების შექმნა („ახალგაზრდა ადვოკატები“)

2. სახაზინო ადვოკატის ინსტიტუტის დაბრუნება ადვოკატთა ასოციაციის შემადგენლობაში (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია)

3. ადვოკატის უფლებამოსილების გაზრდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია)

4. ადვოკატთა ასოციაციის დაპატიმრებული 140–მდე წევრის საქმეების დაუყოვნებლივ გადახედვა და გათავისუფლება (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, „ახალგაზრდა ადვოკატები“)