სერგი კაპანაძე მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ახლახანს დაარსებულ think tank-ში გააგრძელებს

სერგი კაპანაძე მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ახლახანს დაარსებულ think tank-ში გააგრძელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე ორშაბათიდან მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ახლახანს დაარსებულ think tank-ში გააგრძელებს. ამის შესახებ განცხადება კაპანაძემ საკუთარი facebook-ის გვერდზე გაავრცელა.

მინისტრის ყოფილი მოადგილე განცხადებაში მადლობას უხდის სამინისტროს როგორც ყველა ძველ თანამშრომელს, ნაყოფიერი მუშაობისთვის, ასევე ახალ მთავრობას, რადგან კაპანაძის თქმით, ახალმა მთავრობამ გამოთქვა მასთან თანამშრომლობის სურვილი.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ჩვენს ყველა დიპლომატს, რომელიც ქვეყნის გარეთ იმყოფება და სამშობლოს ემსახურება, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს იმ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კოლეგიალობისთვის, ასევე მეგობრობისთვის, რაც ამ ბოლო 7 წელიწადს მათთან მაკავშირებდა. ასევე, მადლობას ვუხდი წინა მთავრობის იმ წევრებს, რომლებთანაც საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობა მიხდებოდა. ეს მართლად პროფესიონალთა გუნდი იყო. აქვე მინდა მადლობა მოვუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ გუნდს სურვილისთვის, რომ მათთან გამეგრძელებინა მუშაობა.

ორშაბათიდან გავაგრძელებ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ჩემს რამდენიმე ახლო მეგობართან, თანამოაზრესთან და კოლეგასთან ერთად ახლახანს დაარსებულ think tank-ში. ამასთან დაკავშირებით ცალკე გავაკეთებთ განცხადებას ცოტა ხანში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი გამოცდილება, ცოდნა და უნარები ისევე წარმატებით შემიძლია მოვახმარო ჩემს ქვეყანას, როგორც ამას საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაკეთებდი. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დაინტერესდა ჩემი გეგმებით! და, რა თქმა უნდა, გულწრფელად მინდა ვუსურვო წარმატებები საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენს დიპლომატიას!“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის განცხადებაში.