საგამოძიებო ორგანოები იმ საქმის მასალებს ანადგურებს, სადაც ადამიანების უდანაშაულობა და ძალადობა ვლინდება

საგამოძიებო ორგანოები იმ საქმის მასალებს ანადგურებს, სადაც ადამიანების უდანაშაულობა და ძალადობა ვლინდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ პროკურატურასა და შსს-ს საგამოძიებო ორგანოებს იმ საქმის მასალების განადგურებაში ადანაშაულებს, სადაც ადამიანების უდანაშაულობა და მათ მიმართ განხორციელებული ძალადობა ვლინდება. ამის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს ქმედებებს ადგილი აქვს ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდანვე.

ამასთან, მჟავანაძის ინფორმაციით, მისთვის ცნობილი გახდა რომ მეწარმე ჯუანშერ მაშიას ბრალდების საქმეზე განადგურებულ იქნა საქმეში არსებული პირადი ჩხრეკის, ავტომანქანის ჩხრეკისა  და ავტომანქანის ამოღების ოქმები.

„აღნიშნული მტკიცებულებები არც სასამართლოში, არც პროკურატურაში მოძიებულ ვერ იქნა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 368-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - მტკიცებულების განადგურება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2-დან 5 წლამდე. როგორც სჩანს, ხელისუფლება ცდილობს ამ და სხვა საქმეებზე, რომლებშიც უდანაშაულო პირები არის პასუხისგებაში მიცემული, ყველა მტკიცებულება იქნას განადგურებული“, - განაცხადა მჟავანაძემ.

„უფლებადაცმველთა გაერთიანება“   მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მოუწოდებს, დაინტერესდეს ამ და სხვა საქმეებით, რათა  დანაშაულში თანამომნაწილე ყველა პირი დაისაჯოს.