მაია ფანჯიკიძე: საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაზე დიდი მიზანი საქართველოს არ გააჩნია

მაია ფანჯიკიძე: საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაზე დიდი მიზანი საქართველოს არ გააჩნია

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძეს განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაზე დიდი მიზანი საქართველოს არ გააჩნია. ამის შესახებ  მაია ფანჯიკიძემ  ჟურნალისტებს  განუცხადა.

ფანჯიკიძემ შეაფასა პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის გამართული პირველი დებატები და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ არცერთი არგუმენტი არ გააჩნდა.

„მათ ისევ გაიმეორეს ყველა ძველი ბრალდება, რასაც მთელი წლის განმავლობაში ვისმენდით და რასაც ქართველმა ხალხმა არ დაუჯერა“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და რუსეთი არის საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა.

„მას აქვს ორი საელჩო სოხუმსა და ცხინვალში და ვიდრე ეს ფაქტი იარსებებს, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, დიალოგის აღდგენა შესაძლებელია ისევე, როგორც წინა ხელისუფლებამ სხვადასხვა თემაზე რუსეთთან თანამშრომლობა მოახდინა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ჟენევის ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს.

„არამარტო ამ სამინისტროს, არამედ მთელი ქვეყნის ამოცანაა, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. ამაზე დიდი მიზანი საქართველოს არ გააჩნია", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ უხელმძღვანელებს ჟენევის დისკუსიის დროს საქართველოს დელეგაციას, ფანჯიკიძის განმარტებით, დელეგაციას კვლავ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პორტფელში იქნება, თუმცა კონკრეტულად რომელი მოადგილე იქნება, ეს 2-3 დღეში გაირკვევა, მას შემდეგ, "რაც ჩვენ გვექნება საშუალება, რომ შევხვდეთ ყველას და გავიგოთ ყველას კომპეტენცია".

ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის რანგში დღეს პირველად მივიდა.