კახა კუკავა: ხელისუფლებამ ელექტროენერგიის ტარიფიდან დასუფთავების გადასახადის გამიჯვნაზე უნდა იზრუნოს

კახა კუკავა: ხელისუფლებამ ელექტროენერგიის ტარიფიდან დასუფთავების გადასახადის გამიჯვნაზე უნდა იზრუნოს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის  კახა კუკავასთვის  თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება დასუფთავების გადასახადის სეზონურ გაიაფებასთან დაკავშირებით, მიუღებელია.

კუკავა ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თბილისიელების პროტესტი არჩევნებამდე სწორედ დასუფთავების და ელექტროენერგიის გადასახადის ერთმანეთზე მიბმამ გამოიწვია და საზოგადოება ელოდება, რომ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ეს საკითხები დარეგულირდება.

კუკავას თქმით,  „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ თბილისის მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფიდან დასუფთავების გადასახადს გამიჯნავდა და ახალმა ხელისუფლებამ ამ დანაპირების შესრულებაზე უნდა იზრუნოს.

შესაბამისად, „თავისუფალი საქართველო“ მიმართავს ახალ ხელისუფლებას,  ჩაერიოს ამ საკითხში და საკანონმდებლო რეგულაციებით, ცენტრალური საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით,  შეცვალოს მოსახლეობისთვის მიუღებელი სისტემა.

კუკავას ამ განცხადებას საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კოკი იონათამიშვილი გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ეს ოპტიმალური გადაწყვეტილებაა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, დასუფთავების ტარიფი ნოემბრიდან მარტის ჩათვლით 1 კილოვატზე 5 თეთრის ნაცვლად,  2.5 თეთრი იქნება.

ამ გადაწყვეტილების მიღებას საკრებულო დღეს საღამოს სხდომაზე გეგმავს.