გიორგი ჟვანია: ჩემი ძმის გარდაცვალების ინსცენირება სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით,  ბარამიძემ, მერაბიშვილემ და ადეიშვილმა განახორციელა

გიორგი ჟვანია: ჩემი ძმის გარდაცვალების ინსცენირება სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, ბარამიძემ, მერაბიშვილემ და ადეიშვილმა განახორციელა

დეპუტატი, გიორგი ჟვანია თავისი ძმის გარდაცვალებას უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს და მის გარემოცვას უკავშირებს. ამის შესახებ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმამ, „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

მისი განმარტებით, ის ვერსია, რაც ხელისუფლებამ გააჟღერა, რომ ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა, იყო აბსოლუტური ტყუილი და აღნიშნა, რომ და საპირისპიროს მეტყველებს ის მტკიცებულებები, რაც არსებობს.

ამასთან, ჟვანია აცხადებს, უახლოეს მომავალში შეიქმნება საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც არსებული მტკიცებულებების მეშვეობით, საქმეს ძალიან სწრაფად მოჰფენს ნათელს.

„ზურას თანაგუნდელები, მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე დღემდე ამბობენ, რომ დარწმუნებული არიან ზურას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის სინამდვილეში. არც ბარამიძეს და არც მაჭავარიანს არ ჰქონიათ სურვილი, როცა შეკითხვები დავსვი, მოსულიყვნენ და დაინტერესებულიყვნენ, საიდან გამიჩნდა ეს კითხვები. ისინი ყოველთვის იყვნენ რუპორები და აკეთებდნენ იმას, რაც ხელისუფლებას სურდა – ხელისუფლებას კი სურდა სიმართლის მიჩქმალვა", - აღნიშნა გიორგი ჟვანიამ.

მისივე თქმით, გიორგი ბარამიძეს ბევრი ინფორმაცია აქვს, რადგან ის უშუალოდ მონაწილეობდა სუფრის სცენის ინსცენირებაში. ამასთან ჟვანია  აცხადებს, რომ იმ ბინაში მიიტანეს საკვები, ბორჯომი, კონიაკი, როცა უბედური შემთხვევის სცენა დადგეს.

მისი განმარტებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ინსცენირება მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიერ განხორციელდა .

„ამას უშუალოდ ხელმძღვანელობდა მიხეილ სააკაშვილი და მასში მონაწილეობდა ბარამიძე. ბუნებრივია, მას მოუწევს პროკურატურასთან ამაზე საუბარი. ვინ დაგეგმა ეს, ამას გამოძიება დაადგენს. არის კვალის წაშლის მცდელობა, დადგება პრობლემა მოწმეებთან დაკავშირებით და გაუჩინარდება ზოგიერთი ადამიანი, მაგრამ სიმართლეს მაინც დავადგენთ. მომხდარის უბედურ შემთხვევად გაფორმებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ ადეიშვილი, მერაბიშვილი და ბარამიძე. სხვები არ ვიცი", - განაცხადა გიორგი ჟვანიამ.

რაც შეეხება საქმის გაყალბებას, გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ ეს პირადად ზურაბ ადეიშვილს ევალებოდა.

„ის აძლევდა მითითებებს თანამშრომლებს, რა მიმართულებით წაეყვანათ საქმე. ადეიშვილის, სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბარამიძისა და დაცვის წევრების ჩვენებები გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იქნება", - აღნიშნა გიორგი ჟვანიამ.