ლეონიდ თიბილოვი რუსეთის ფედერაციაში შესვლას და ქართველების მხრიდან გენოციდის აღიარებას ითხოვს

ლეონიდ თიბილოვი რუსეთის ფედერაციაში შესვლას და ქართველების მხრიდან გენოციდის აღიარებას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას და რუსეთის ფედერაციაში შესვლას ითხოვს.

 Russia Today-ს ჟურნალისტის შეკითხვაზე, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების პირობებში, რამდენად არის შესაძლებელი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირება, თიბილოვი აცხადებს, რომ ეს არც ისე ცუდი იქნება.

„თუ საქართველოში მოიძებნებიან ისეთი პოზიტიური ძალები, რომლებიც შეძლებენ ჩვენთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას, ეს არც ისე ცუდი იქნება. ამისთვის კი საქართოს ბევრი რამის გაკეთება მოუწევს“,-აცხადებს თიბილოვი.

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რომ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო მოაწერს ხელს ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს, ცხინვალი ნაკლებად ფრთხილი იქნება.

„დღეს ჩვენ საქართველოსთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს. საქართველომ ხელი უნდა  მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტს  და პოლიტიკურ-სამართლებრივი  შეფასება მისცემს 1989, 2004 და 2008 წლებში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მომხდარ ქმედებებს, რომლის დროსაც ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის ხალხის გენოციდი“,-აღნიშნავს თიბილოვი.