ივანიშვილი: ტარიფების დასაწევად სამომავლოდ ავამოქმედებთ მართვის ოპტიმიზაციას

ივანიშვილი: ტარიფების დასაწევად სამომავლოდ ავამოქმედებთ მართვის ოპტიმიზაციას

პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ისინი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოახერხებენ ტარიფებზე გადახედვას და მის რეალურ ანალიზს.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს პარლამენტში უმცირესობასა და უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს უმცირესობის წევრის, გია თევდორაძის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც წინასაარჩევნოდ დაპირებული ტარიფების კლების პროცენტულ მაჩვენებელს და მისი ამოქმედების დროს უკავშირდებოდა.

ივანიშვილის განმარტებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის დისტრიბუტორი და კერძო კომპანიები ხელოვნურად ზრდიან ტარიფებს.

„ჩვენ ეხლა გვაქვს რაღაც ციფრები. ჩვენ ვიცით, როგორ ვყიდულობთ გაზს, რამდენი გვაქვს უფასო, რამდენი შემოდის დაბალი კომერციული  ფასებით, ვიცით რომ სანამ დისტრიბუციამდე მივა გაზი, მისი ფასი არის 143 თუ 159 დოლარი, მაგრამ ისიც ვიცით, რომ აქ ჩნდებიან კომპანიები, რომლებიც ახერხებენ ფასის ხელოვნურად გაზრდას“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის განმარტებით, ასეთივე სიტუაციაა ელექტროენერგიაზეც, სადაც კერძო კომპანიების მხრიდან მათი ჩართულობით გაზრდილია ელექტროენერგიის საფასური.

„მომავალში ამის შესაცვლელად საჭირო იქნება მართვის ოპტიმიზაცია, შემდეგ ეკონომიკური რეფორმების გატარება. ჩვენ, როგორც ჰესებით მდიდარი ქვეყანა, მომავალშიც მოვახერხებთ, რომ მათი მშენებლობა კვლავ გაგრძელდეს. ელექტროენერგია იქნება ბევრად იაფი და არ იქნება ევროპის განვითარებადი ქვეყნების ტარიფების ტოლი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

ამასთან, ივანიშვილი არ აკონკრეტებს თუ როდის დაიწყება ეს პროცესი, მაგრამ აცხადებს, რომ ამას უმცირესობა, ისევე როგორც საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს.

„მე არ მინდა ამაზე კონკრეტულად ვისაუბრო ეხლა. ამას მალე გაიგებთ, როცა ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ ამის შესახებ“, - განაცხადა ივანიშვილმა.