ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია სატელევიზიო გადაცემის დახურვების ფაქტს ეხმაურება და ჟურნალისტთა უფლებების შელახვაზე საუბრობს

ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია სატელევიზიო გადაცემის დახურვების ფაქტს ეხმაურება და ჟურნალისტთა უფლებების შელახვაზე საუბრობს

ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია მედია ბაზრის ხელახალი გადანაწილების პროცესში სატელევიზიო გადაცემის დახურვების ფაქტს ეხმაურება და ჟურნალისტთა უფლებების შელახვაზე საუბრობს.

ამის შესახებ ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ, მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ, ერთობლივად უნდა უზრუნველყონ ტელეკომპანიების პოლიტიკური მფლობელობისგან გათავისუფლება.

ამასთანავე, საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაცია, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი საქართველოში, მოუწოდებს ხელისუფლებას ყურადღება გაამახვილოს მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხებზე.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

"ხელისუფლების გადაბარების ფონზე მიმდინარეობს მედია ბაზრის ხელახალი გადანაწილება, რასაც ზოგ შემთხვევაში, თან ახლავს ჟურნალისტთა უფლებების შელახვა, სატელევიზიო გადაცემების დახურვა, სამსახურიდან უმიზეზოდ დათხოვნა და ხელფასების გაუცემლობა.

ჟურნალისტებმა ვახო სანაიამ და ეკა ხოფერიამ განაცხადეს, რომ მათი გადაცემები, საზოგადოებრივი მაუწყებლის არხის ხელმძღვანელმა გია ჭანტურიამ, არგუმენტების გარეშე დახურა. ტელეკომპანია პიკმა ხელფასების გაცემა შეუწყვიტა ჟურნალისტებს. ფინანსური პრობლემები გამოაშკარავდა რეალ-ტივიში, რომელმაც გაურკვეველი ვადით შეწყვიტა საინფორმაციო გამოშვება. ტელეკომპანია იმედის პატარკაციშვილების ოჯახისთვის დაბრუნების ფონზე, არხმა დროებით შეწყვიტა მაუწყებლობა.

ხელისუფლების ცვლილებით გამოწვეულმა პროცესებმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართული ტელე-მედია ღრმა კრიზისშია და ის შორს დგას დამოუკიდებელი მედიის სტანდარტებისგან. ტელეკომპანიებში ყოფილი ხელისუფლების წევრებს შორის, წილების გადანაწილება, ზოგიერთი ტელეკომპანიისთვის ვალების გაუმართლებლად და არასამართლიანად ჩამოწერა, ქართულ მედია სივრცეში არაჯანსაღ გარემოს ქმნის და კიდევ უფრო აუარესებს სიტყვის თავისუფლების მდგომარეობას ქვეყანაში.

საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციას მიაჩნია, რომ წლების განმავლობაში, ტელეკომპანიების და სარეკლამო ბაზრის ხელისუფლების წევრთა მიერ მართვამ და სუბსიდირებამ, დააბრკოლა დამოუკიდებელი ტელეკომპანიების და ბეჭდური მედიის ფინანსური განვითარება; შედეგად, მედიის დამოუკიდებლობის, შესაბამისად სიტყვის თავისუფლების ხარისხი საქართველოში საგრძნობლად გააუარესა, ხოლო ნდობა ჟურნალისტის პროფესიისადმი დაეცა.

პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამდგარი ახალი რეალობა, გასული წლების შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა.

ხელისუფლებამ, მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ, ერთობლივად უნდა უზრუნველყონ ტელეკომპანიების პოლიტიკური მფლობელობისგან გათავისუფლება. საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს მედია მფლობელობის რეგულირების და პოლიტიკის სფეროში. რამაც უნდა გამორიცხოს, მედიის მონოპოლიზირების შესაძლებლობა, ასევე ხელისუფლების და მასთან მჭიდროდ ასოცირებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ მედიის სუბსიდირება.

ამ მიზნის განხორციელების მექანიზმის შესამუშავებლად, აუცილებელია დაინტერესებულ მხარეთა შორის უახლოეს პერიოდში დაიწყოს საჯარო დისკუსიები.

თავის მხრივ, მედია მფლობელებმა უნდა გააფორმონ ისეთი სახის ხელშეკრულებები ჟურნალისტებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ დამოუკიდებლობას და სარედაქციო ჩაურევლობას.

ცვლილებები უნდა შეეხოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომელიც ზღუდავდა სამაუწყებლო სიხშირეების დამოუკიდებელი მედია კომპანიებისთვის გაცემას. საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდა გატარდეს ცვლილებები, რომლებიც მომავალში გამორიცხავს ხელისუფლების პოლიტიკის გატარებას და ჟურნალისტთა უფლებების შელახვას.

ჟურნალისტებმა უნდა გამოიჩინონ სოლიდარობა, იხელმძღვანელონ მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებით და არა პოლიტიკური ან ფინანსური ინტერესებით.

საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაცია, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი საქართველოში, მოუწოდებს ხელისუფლებას ყურადღება გაამახვილოს მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის საკითხებზე. ასოციაცია ზემოთაღნიშნული დისკუსიების დაწყებისკენ და მათში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს ყველა მედია ორგანიზაციას, საერთაშორისო ორგანიზაციას და ხელისუფლებას" - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ფოჩხუა და ვიცე-პრეზიდენტები - გენო ჯოხიძე და ბესო მამინაიშვილი.