„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია თანამდებობიდან გადადგა

„საქართველოს რკინიგზის“  ინფორმაციით,  „საქართველოს რკინიგზის“  გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით მიმართა და შესაბამისად,  განცხადება დაკმაყოფილებულია.

ეზუგბაიას განცხადებით, ის პასუხისმგებლობას იღებს ყველა იმ საკითხზე და გადაწყვეტილებაზე, რაც ამ წლებში დირექტორთა საბჭომ მიიღო.

„უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და ჩამოყალიბდა წარმატებულ კომპანიად. კომპანია დირექტორთა საბჭოს ფორმატში იმართებოდა. შესაბამისად,  მე, როგორც გენერალური დირექტორი,  პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა საკითხზე,  ყველა გადაწყვეტილებაზე, რაც ამ წლებში დირექტორთა საბჭომ მიიღო.

მადლობას ვუხდი საქართველოს რკინიგზის ყველა თანამშრომელს და მენეჯმენტს,  ერთად გატარებული წლებისა და იმ თავდადებისთვის, რითიც გამოირჩევა საქართველოს რკინიგზის თითოეული თანამშრომელი საკუთარი კომპანიის წარმატებისათვის ბრძოლაში. წარმატებას ვუსურვებ მათ. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს რკინიგზას.

მივმართავ ყველა თანამშრომელს,  ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნამდე განსაკუთრებული სიფრთხილით იმოქმედონ, შეასრულონ საკუთარი მოვალეობები მშვიდად, რომ ზიანი არ მიადგეს კომპანიის საოპერაციო მართვასა და უსაფრთხოებას“, - აცხადებს ირაკლი ეზუგბაია.