პრეზიდენტს შესაძლოა,  ბევრი რამ ძალიან ეჩქარება, მაგრამ  ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნები 2014 წელსაა

პრეზიდენტს შესაძლოა, ბევრი რამ ძალიან ეჩქარება, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წელსაა

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, პარლამენტისთვის შეთავაზებული ინიციატივა,  რომლის თანახმად, მერები, გამგებლები და ყველა გუბერნატორი შესაძლოა, პირდაპირი წესით იქნეს არჩეული,  ჯერ არ შეუსწავლია, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე,  ეს უპირველესი და გადაუდებელი ამოცანა არაა.

ბერძენიშვილის თქმით, ზოგადად, რაც მეტი არჩევითი თანამდებობა იქნება უკეთესია, მაგრამ პრეზიდენტის თამაშებში ჩართვა მეორე.

„საქართველოს პარლამენტს ახლა გადაუდებელი ამოცანები აქვს, რომელშიც ის ინიციატივები არ შედის, რომლებიც ჩვენი არაა. უპირველეს ყოვლისა,  ჩვენს ინიციატივებს განვიხილავთ და პრეზიდენტის ინიციატივებს შემდეგ გადავხედავთ. ვიცით, რომ ჯერ-ჯერობით არჩევნების საკითხი არ დგას.

პრეზიდენტს შესაძლოა,  ბევრი რამ ძალიან ეჩქარება, მაგრამ  ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნები 2014 წელსაა.  ალბათ, სააკაშვილი ფიქრობს, რომ სანამ რაღაც გავლენა აქვს დარჩენილი, ისარგებლებს, მაგრამ  ჩვენ ამ არჩევანს მაშინ გავაკეთებთ, როცა მისი გავლენა ნულოვანი  იქნება. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ყველაფერი თავის დროზე განიხილება“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.