კახი კალაძის  „კალა კაპიტალი“  „საქჰიდროენერგომშენის“  აქციების 45%-ის მფლობელია

კახი კალაძის „კალა კაპიტალი“ „საქჰიდროენერგომშენის“ აქციების 45%-ის მფლობელია

ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის, კახი კალაძის კომპანია „კალა კაპიტალი“ „საქჰიდროენერგომშენის“ აქციების 45%-ის მფლობელია.

როგორც ტელეკომპანია „მაესტრო“ ინტერნეტში გავრცელებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით იუწყება, 2011 წლის პირველ აპრილს ნუგზარ დვალმა საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა რეგისტირებული სუბიექტების მონაცემებში ცვლილების შეტანისთვის.

ცვლილება ეხება „საქჰიდროენერგომშენის“ მფლობელების ახალი მონაცემებით დარეგისტრირების ფაქტს. პარტნიორთა გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: გადაეცეს შპს-ს საკუთრებაში არსებული სააქციო საზოგადოება „საქჰიდრომშენის“ ლიმიტირებული აქციების 45% კახი კალაძეს ნებისმიერი ვალის სანაცვლოდ, რომელიც მართებს შპს-ს კახი კალაძის მიმართ.

დოკუმენტი ხელმოწერილია 2011 წლის 10 მარტს სუზანე კალოგრეადეს მიერ, დოკუმენტაციის დედანი ინგლისურ ენაზეა,  თარგმანი კი დამოწმებულია ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე სანოტარო ბიუროს იურისტის დავით ოყროშიძის მიერ.

„კალა კაპიტალის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დამფუძნებელი ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კახი კალაძეა.

არსებული ინფორმაციით,  შესაძლოა,  კალაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ იმის გამო, რომ მისი კომპანია „საქჰიდროენერგომშენის“ აქციათა 45%-ს ფლობს, ინტერესთან კონფლიქტი წარმოიქმნას.