პარლამენტის ბიუროს სხდომა დღეს გაიმართება

პარლამენტის ბიუროს სხდომა დღეს გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა ქუთაისში დღეს გაიმართება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ პარლამენტის მერვე მოწვევის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მან ვიცე-სპიკერები, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები დღეს, 11:00 საათზე, ბიუროს ოთახში საორგანიზაციო შეხვედრაზე დაიბარა.

უსუფაშვილის განმარტებით,  12:00 საათზე პარლამენტის ყველა კომიტეტი დაიწყებს მუშაობას, 15:00 საათზე კი ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს პირველი ბიუროს სხდომა გაიმართება.

ბიუროზე სხვადასხვა მიმდინარე საკითხები განიხილება, მათ შორის დადგინდება მთავრობის პროგრამის განხილვის გრაფიკი, ხოლო 23 და 24 ოქტომბერს საკომიტეტო მოსმენები იგეგმება.

ამასთან, 24 ოქტომბერს ჩატარდება პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელზეც საკომიტეტო განხილვების შედეგებს შეაჯამებენ, 25 ოქტომბერს 12:00 საათზე კი - პლენარული სხდომა დაიგეგმა.

„ხუთშაბათს, 12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს ეყრება კენჭი", - დასძინა უსუფაშვილმა.