სააკაშვილი:  ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს

სააკაშვილი: ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო დღეს არის ქვეყანა, სადაც მთავრობა იცვლება არა ტყვიებით, ტანკებით ან თუნდაც ვარდებით, არამედ ბიულეტენებით და არჩევნებით. მისი თქმით, ის, ვინც ოპოზიცია იყო, დღეს მთავრობაშია და ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"პარლამენტი ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების გულია, რომელიც დღეს იწყებს ფეთქვას. ეს იქნება უფრო დაბალანსებული პარლამენტი, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის ბევრმა წევრმა, რომელიც დღეს აქ ზის, 2008 წელს უარი თქვა თავის მანდატზე. დღეს მიხარია, რომ აქ გხედავთ. აქ სხვა კლიმატია და დარბაზში ყოფნა შესაძლოა, უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე გარეთ დგომა. 2009 წელს თქვენ აქციებში მონაწილეობდით და ახლა პარლამენტის წევრები ხართ და ზოგიერთი თქვენგანი მაღალ თანამდებობებსაც უმიზნებს", - მიმართა პრეზიდენტმა ოპონენტებს.

"ყველა ქვეყანაში, როგორი ეფექტური მთავრობაც არ უნდა იყოს – მთავრობა ეუბნება ხალხს, რა არის ცუდი და კარგი. ახლა კი ხალხი თვითონ დაინახავს ყველაფრის ფასს - რა არის ცუდი და რა -კარგი. ეს არის დემოკრატია. ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვალებადობა ჩვეულებრივ ამბად უნდა იქცეს. არსებული მენტალიტეტი - გამარჯვებული იღებს ყველაფერს, ნელ-ნელა გაქრება. სიტუაციის დამძაბავი რიტორიკაც გაქრება და საქართველო გახდება ნორმალური ევროპული დემოკრატია და ჩვენთვის გაიღება ევროკავშირის კარი. ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ოჯახში. ამისთვის ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ინსტიტუტებს, ოპონენტებს და კონსტიტუციას. ის, ვინც ოპოზიცია იყო, დღეს მთავრობაშია და ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს", -  განაცხადა  სააკაშვილმა.