ქუთაისში პარლამენტის პირველი სხდომა  პრეზიდენტმა გახსნა

ქუთაისში პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა გახსნა

ქუთაისში მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოფიციალურად გაიხსნა. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და იგი დეპუტატებს  ამ წუტებში სიტყვით მიმართავს.

 სესიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ესწრება.

სესიაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილიც.

პრეზიდენტის სიტყვის დასრულების შემდეგ დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებული პროცედურების შესრულებას დაიწყებენ.

ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სესიას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე "ქართული ოცნების" პარტიული სიის უხუცესი წევრი ივანე კიღურაძე წაუძღვება.

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ახალ ვიცე-სპიკერებსაც დაამტკიცებენ. დღესვე განისაზღვრება ფრაქციებისა და კომიტეტების შემადგენლობებიც.

ახალ პარლამენტში "ქართულ ოცნებას" - 85, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 65 დეპუტატი ჰყავს.