დავით დარჩიაშვილი: დღეს,  პირველ რიგში უფლებამოსილებების ცნობა უნდა მოხდეს

დავით დარჩიაშვილი: დღეს, პირველ რიგში უფლებამოსილებების ცნობა უნდა მოხდეს

წინა მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პროცედურების შესახებ საუბრისას, რომელიც დღეს, ქუთაისის ახლად აშენებულ პარლამენტის შენობაში გაიმართება, აცხადებს, რომ პირველ რიგში,  უფლებამოსილებების ცნობა უნდა მოხდეს.

დარჩიაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში 3 ფრაქციის ფორმირება მოხდება. ყველაზე მრავალმანდატიანი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება  და ასევე ორი მცირერიცხოვანი მაჟორიტარებისგან შემდგარი ფრაქცია   „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები“ და „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები“ შეიქმნება.

„ყველა დეტალს ვერ გეტყვით,  ეს უმცირესობის ხელმძღვანელობასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკების საგანია,  მაგრამ პირველ რიგში,  უფლებამოსილებების ცნობა უნდა მოხდეს. ამისათვის ხმის დამთვლელი კომისიაც იქნება და სამანდატო კომისიაც.  იმედია, ამ პროცედურებს  უპრობლემოდ გავივლით და  იმ ეტაპამდე მივალთ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე  იქნება არჩეული. შემდეგ უკვე,  მთავრობის დამტკიცების პროცესი დაიწყება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ ვინ იქნება უმცირესობის ლიდერი დარჩიაშვილის თქმით, მათი მოსაზრებაა უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იყოს.

ცნობისთვის, უმცირესობას თავმჯდომარის მოადგილე ყველა საპარლამენტო კომიტეტში ეყოლება.