დღეს, პარლამენტის პირველ სხდომაზე უმრავლესობა-უმცირესობის ფორმირება მოხდება

დღეს, პარლამენტის პირველ სხდომაზე უმრავლესობა-უმცირესობის ფორმირება მოხდება

ახალი პარლამენტის პირველი სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უმრავლესობა-უმცირესობის ფორმირება იქნება.

უმრავლესობა-უცირესობის დაკომპლექტების პროცედურა 2012 წლის მოწვევის პარლამენტში შემდეგნაირად წარიმართება: როცა ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარს აღემატება, ფრაქცია უმრავლესობის სტატუსს იძენს. უმრავლესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებული არ არიან, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა პარლამენტის სიით შემადგენლობის ნახევარს აღემატება.

უმცირესობა უმრავლესობის შექმნის შემთხვევაში იქმნება. ამ მიმართულებით კი, შემდეგი წესი მოქმედებს: თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს აღემატება, ფრაქცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე უმცირესობის სტატუსს იძენს. ასევე უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს აღემატება.

უმრავლესობა და უმცირესობა უფლებამოსილებას იძენენ პარლამენტის ბიუროს მიერ მათი რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე – პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემდეგ.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობისა და უმცირესობის თანამდებობის პირები არიან: უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები და უმრავლესობისა და უმცირესობის მდივნები.

უმრავლესობასა და უმცირესობას უფლება აქვთ, ერთი სესიის განმავლობაში ოთხჯერ ისარგებლონ 30-წუთიანი გამოსვლით. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოუსმინოს მათ.

მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს, ქუთაისში, 13:00 საათზე გაიხსნება.