პაატა ზაქარეიშვილი: არ გამოვრიცხავ  კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ  გადაიხედოს

პაატა ზაქარეიშვილი: არ გამოვრიცხავ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გადაიხედოს

"შესაძლებელია კანონი ოკუპაციის შესახებ გადაიხედოს", - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა, პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-ს პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზაქარეიშვილის განმარტებით, მისი თვითმიზანი არ არის მაინცდამაინც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი შეიცვალოს, მაგრამ არც გამორიცხავს.

ამასთანავე, მინისტრობის კანდიდატი ცალსახად აცხადებს, რომ თვითონ კანონი არავითარ შემთხვევაში არ გაუქმდება.

„ჩვენი ქმედებები არ იქნება კატეგორიული და რადიკალური. წავიკითხავთ, ვნახავთ და თუ დავინახავთ, რომ „კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ხელს უშლის საქართველოს ინტერესების რეალიზაციას, ის გადაიხედება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეიცვლება. ხაზგასმით ვადასტურებ, რომ კანონის სათაური არ გაუქმდება არავითარ შემთხვევაში. საქართველოს ტერიტორია ნამდვილად ოკუპირებულია  და ჩვენ ეს ეჭვქვეშ არასოდეს არ დაგვიყენებია“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ამასთან მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, რომ აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის მოგვარება ვერ იქნება მხოლოდ ქართულ კანონმდებლობაზე დაფუძნებული და აღნიშნა, რომ ამავე დროს მათ მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინებაც მოხდება.

 მისი განმარტებით, კონფლიქტების მოგვარების დროს მხოლოდ ქართული კანონმდებლობით ვერ წავალთ წინ.

„ქართული კანონმდებლობა კი როგორც წესი აღიარებს საერთაშორისო სამართალს. გარკვეული მიმართულებით მის უპირატესობასაც კი აღიარებს. ფაქტიურად, ქართულ კანონმდებლობას ზურგს საერთაშორისო სამართალი უმყარებს. ამიტომ თუ კი ჩვენ ჩავთვლით, რომ კონკრეტული ნაბიჯის გადასადგემალად და პრობლემის მოსაგვარებლად კანონმდებლობაში კონკრეტული ცვლილებები იმისათვის უნდა განხორციელდეს, რომ  საერთაშორისო სტანდარტებს დაექვემდებაროს, ასეც უნდა მოვიქცეთ“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა და აღნიშნა, რომ ამაში გასკვირია არაფერია, რადგან ასე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხდება.