არასამთავრობო ორგანიზაციები ივანიშვილს მინისტრებისა და საჯარო მოხელეების წარდგენისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ივანიშვილს მინისტრებისა და საჯარო მოხელეების წარდგენისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს მინისტრებისა და საჯარო მოხელეების წარდგენისას სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდებენ.

ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართვას ავრცელებენ. განცხადებაში ისინი პერიმიერ მინისტრს თხოვენ გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას.

მიმართვას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლის 16 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა მინისტრთა კაბინეტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად დასახელებულ იქნა ბატონი დავით დარახველიძის კანდიდატურა.

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას, ხოლო საჯარო მოხელეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო გამონათქვამებს და თავი შეიკავონ სიძულვილის ენისა და რასისტული გამონათქვამების გამოყენებისაგან", - აღნიშნულია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერს - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", „საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია", „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია", „მრავალეროვანი საქართველო", „მწვანე ალტერნატივა", ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო", ნათია კუპრაშვილი და ლაშა ტუღუში.