სარაევოს კინოფესტივალის ორგანიზატორები თბილისს 21 ოქტომბერს ეწვევიან

სარაევოს კინოფესტივალის ორგანიზატორები თბილისს 21 ოქტომბერს ეწვევიან

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მოწვევით, თბილისს  სარაევოს კინოფესტივალის წარმომადგენლები  ეწვევიან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში  ქართველ კინემატოგრაფისტებთან შეხვედრებს გამართავენ ფესტივალის დირექტორი - მირსად პურივატრა, ინდუსტრიული სექციის ხელმძღვანელი - იოვან მარიანოვიჩი და ინდუსტრიული პროექტების მენეჯერი - ენა დოზო.

საქართველო სარაევოს კინოფესტივალთან 2011 წლიდან თანამშრომლობს. როგორც კინოცენტრის განცხადებაშია ნათქვამი,- „ვიზიტის მიზანია, ჯგუფმა ქართველ კინემატოგრაფისტებს გააცნოს სარაევოს კინოფესტივალის პროგრამები და გაუწიოს  კონსულტაციები მომავალი თანამშრომლობისთვის, რადგან 2012  წლიდან  სარაევოს  საერთაშორისო  კინოფესტივალის ინდუსტრიული პროგრამა ქართველი მონაწილეებისთვის ოფიციალურად გაიხსნა.“

წელს, 4 ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტი „Sarajevo Talent Campus“-ში  პირველად მოხვდა. ესენი არიან: ნიკოლოზ მდივანი, ნინო ჯინჭარაძე, პაპუნა მოსიძე და გიორგი ცქვიტინიძე. გასულ წელს კი, ფესტივალის ინდუსტრიულ სექციაში მოხვდა ქეთევან ყაჯრიშვილის ფილმის პროექტი „პატარძლები“.

სარაევოს კინოფესტივალის ორგანიზატორები თბილიში 21-დან  23 ოქტომბრის ჩათვლით დარჩებიან.