ვახტანგ ხმალაძე: იმედს გამოთქვამს, პარლამენტის თბილისში გადმოტანას საკმაო რაოდენობის მხარდამჭერები ეყოლება

ვახტანგ ხმალაძე: იმედს გამოთქვამს, პარლამენტის თბილისში გადმოტანას საკმაო რაოდენობის მხარდამჭერები ეყოლება

პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ვახტანგ ხმალაძე იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანას საკმაო რაოდენობის მხარდამჭერები ეყოლება.

როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა,მას ეს მოლოდინი იმ ზოგადი პრინციპებიდან აქვს, რომელიც პარლამენტისა და მთავრობის ერთსა და იმავე ქალაქში ყოფნას უკავშირდებოდა.

„ასევე, იმის გამო, რომ სახელმწიფოს დამატებითი ხარჯის გაწევა არ მოუწიოს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, თუ რა პირობებია იქ და იმ პირობებში როგორ მოხერხდება პარლამენტის ეფექტურად მუშაობა. საკმაოდ რთული პირობებია, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ეფექტურად ვიმუშაოთ, თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მისი თქმით, ეს უნდა მოხდეს პარლამენტის სულ ცოტა 2/3 წევრს შორის შეთანხმებით.

ასევე ხმალაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას" არ ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ეს არ არის საჭირო.

„გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს დეპუტატთა ის რაოდენობა, რომელიც მხარს დაუჭერს ამა თუ იმ კანონპროექტს თუ წინადადებას და მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებსაც", - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძე.