„თავისუფალი საქართველო“ დირექტორებს მასწავლებელთა პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ

„თავისუფალი საქართველო“ დირექტორებს მასწავლებელთა პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ

"თავისუფალი საქართველო" და „საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია" დირექტორებს მასწავლებელთა პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ.

ამასთან დაკავშირებით დღეს „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ, "პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციის" თავჯდომარე ლია ნიკოლაიშვილმა და 154-ე სკოლის ყოფილმა დირექტორმა გიორგი სამხარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, 2005 წლიდან დაწყებული, განსაკუთრებით კი 2009 წლიდან დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში, სააკაშვილის პირადი მითითებითა და შაშკინის დავალებით, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე სკოლის დირექტორებმა განახორციელეს პედაგოგების მასობრივი დევნა და სამუშაო ადგილებიდან გათავისუფლება, ხოლო იმ დირექტორებმა, ვინც უარი თქვა „ნაცების“ უკანონო დავალებების შესრულებაზე თავად გახდნენ გათავისუფლების ობიექტნი.

„დღეს, როდესაც ადამიანთა მოძულე სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა და რომელმაც საჯარო სკოლები პოლიტიკური დასმენების, პედაგოგების დევნისა და საარჩევნო გაყალბებების ინსტრუმენტად გადააქცია, განათლების სამინისტროს გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს სკოლებში არსებული უმძიმესი სიტუაციის დიამეტრალურად შეცვლა, სასწავლო პროცესის ოპერატიული გადაყვანა მოსწავლეთა აღზრდა – განათლების ჭეშმარიტ რეჟიმზე, მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის იარების მოშუშება, სკოლებიდან უკანონოდ გამოდევნილი პედაგოგებისა და დირექტორების სამუშაო ადგილებზე დაბრუნება და რეაბილიტაცია.  „თავისუფალი საქართველო“ და „საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია“ იწყებენ იმ სკოლის დირექტორების დასახელებას, ვინც განახორციელა მასწავლებელთა პოლიტიკური, თუ სხვა სუბიექტური მიზეზით დევნა, რომელთა გვარების დასახელებასაც არანაირად არ მოვერიდებით, რათა ხელმეორედ არ განმეორდეს ფაშიზმის რეციდივები ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

დღესვე მან ის დირექტორები დაასახელა, რომლებმაც აქტიურად გამოიჩინეს თავი „ნაცმოძრაობის“ უკანონო დავალებათა შესრულებაში“.

ამასთანავე, „თავისუფალი საქართველო“ და „საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაცია“ ულოცავენ ბატონ გიორგი მარგველაშვილს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენას და უსურვებენ წარმატებას განათლების ურთულესი სისტემის აღმშენებლობისა და წინსვლის საქმეში.

„გიორგი მარგველაშვილს გვინდა ვთხოვოთ, რომ იგი შეხვდეს  არა მხოლოდ სკოლის მოქმედ დირექტორებს, რომელთა დიდი უმრავლესობა აღმოჩნდა სააკაშვილის პოლიტიკური ტერორის გულმხურვალე შემსრულებელი, არამედ „საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციის“ წევრებს, რომლებიც მრავალი წელია მუხლჩაუხრელად იბრძვიან სკოლაში გამეფებული სიბნელისა და ტერორის წინააღმდეგ და შემუშავებული აქვთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსვლის გზები და მეთოდები", - აღნიშნა მან.