ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ დავით პაიჭაძემ ადვოკატთა კორპუსი არასასიამოვნო კონტექსტში მოიხსენია

ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ დავით პაიჭაძემ ადვოკატთა კორპუსი არასასიამოვნო კონტექსტში მოიხსენია

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით,  ჟურნალისტმა  დავით პაიჭაძემ, როდესაც გადაცემაში მთვარი პროკურორობის კანდიდატი,   არჩილ კბილაშვილი ჰყავდა მიწვეული, ადვოკატთა კორპუსი არასასიამოვნო კონტექსტში მოიხსენია.

კონკრეტულად,  მისი თქმით, პაიჭაძემ განაცხადა, რომ მან გადმოცემით იცის, რომ ადვოკატები უფრო არაკვალიფიციურები არიან ვიდრე პროკურორები და გამამტყუნებელი განაჩენები  დგება იმიტომ, რომ დაცვა თავის სიმაღლეზე არ დგას.

„ნათქვამია  „კუზიანს სამარე გაასწორებსო“,   დავით პაიჭაძე აგრძელებს სააკაშვილის რეჟიმის სამსახურს და უფასო ადვოკატად ევლინება სააკაშვილის რეჟიმის მომსახურე პროკურატურას და სასამართლოს. რამოდენიმე დღის წინ შეიქმნა ადვოკატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც შეისწავლის მოსამართლეების და პროკურორების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს და მოითხოვს მათ გასამართლებას. ჩემი განცხადებიდან ორ დღის შემდეგ,  სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთმა საყრდენმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ბატონმა კუბლაშვილმა გამართა ბირიფინგი და დაიცვა თავისი დამნაშავე მოსამართლეები. მისი აზრით, სისხლის სამართლის დამნაშავე მოსამართლის დასჯის მოთხოვნა  არის სასამართლოზე ზეწოლა,  ხოლო  როდესაც ბატონი კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ნინო გვენეტაძეს და მერაბ ტურავას აძალებდა უდანაშაულო ადამიანის დაპატიმრებას, ეს იყო კანონის უზენაესობის სამსახური“, - განაცხადა ხატიაშვილმა.

მისი თქმით, მოსამართლეთა და პროკურორთა დასჯის მოთხოვნამ  ეტყობა შეაშფოთა  სააკაშვილის რეჟიმის მეხოტბე საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისმა ერთ-ერთმა  სახემ  დავით პაიჭაძემ იფიქრა, რომ  პატივცემულმა ბატონებმა ძველი ცოდვები ჩვენც არ გაგვიხსენონო და კონსტანტინე კუბლაშვილის პრესკონფერენციიდან რამოდენიმე საათში დაარტყეს ადვოკატთა კორპუსს.

„დავით პაიჭაძეს დისკუსიის დროს,  არ გახსენებია  ევროპის სასამართლოს  გადაწყვეტილება გირგვლიანი- საქართველოს წინააღმდეგ,  სადაც ხაზგასმით არის მითითებული პროკურორების და მოსამართლეთა არაკვალიფიციურობაზე. დავით პაიჭაძეს არ გახსნებია ის ფაქტი, რომ  რამდენიმე  თვის  წინ სამოქალაქო საზოგადოებამ იხილა გლდანის # 8   სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემზარავი ფაქტები პატიმრების მიმართ  სქესობრივი ძალადობის თაობაზე.  დავით პაიჭაძეს არ გახსენებია ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ 1,5 წლის წინ მთავარი პროკურორისგან ვითხოვდი  გამოძიებულიყო პატიმარ მალხაზ არქანიას სქესობრივი ძალადობის ფაქტი  # 8 გლდანის დაწესებულებაში. რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სასჯელაღსრულებით სისტემაში მომხდარ  დანაშაულებებს მფარველობდა  მთავარი პროკურატურა.   დავით პაიჭაძეს არ დაუსვია კითხვა ბატონი არჩილ კბილაშვილისთვის იმის შესახებ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ წარმოადგინა გადაწყვეტილება, სადაც მოსამართლეებს ერთ საქმეზე აქვთ გამოტანილი ორი გადაწყვეტილება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული და დაისჯებნიან თუ არა ეს მოსამართლეებიო. პირიქით, ბატონ პაიჭაძეს  სურს საზოგადოების შეცდომაში შეიყვანა და აცხადებს, რომ  ადვოკატი პროკურორთან შედარებით არის  მოუმზადებელი  და თურმე ამიტომ დგება ამდენი გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა ხატიაშვილმა.

ცნობისთვის, საქმე ეხება 2012 წლის 16 ოქტომბერს  საზოგადოებრივი მაუწყებლის  გადაცემას „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“.