„სახალხო ბანკის“ ყოფილ მფლობელებს  რესტორანი  „სოხუმის“  ყოფილი მფლობელები ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ

„სახალხო ბანკის“ ყოფილ მფლობელებს რესტორანი „სოხუმის“ ყოფილი მფლობელები ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ

"სახალხო ბანკის“ ყოფილ მფლობელებს მოქალაქეები ია და გია დანელია თავიანთი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით, კუთვნილი რესტორანი  „აფხაზეთი“ „სახალხო ბანკმა“  ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე, აუქციონზე გაყიდა.

დანელიები დღეს, for.ge-ში გამართულ პრესკონფერენციას დაესწრნენ, სადაც  ბანკის ერთ-ერთმა მეწილემ გიორგი გოგუაძემ  განაცხადა, რომ „სახალხო ბანკის“ ყოფილ მფლობელებს „ეროვნული ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელებმა პრობლემის კონსტრუქციული გზით მოგვარება შესთავაზეს.

დანელიებს კითხვები კუთვნილ რესტორანთან დაკავშირებით, სწორედ გიორგი გოგუაძესთან ჰქონდათ, თუმცა მან შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

როგორც გია დანელია ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ისინი თავდებში დაუდგნენ, მოქალაქეს, რომელმაც ბანკის ვალის გადახდა ვეღარ მოახერხა. შესაბამისად, ვალის გადახდა თავდებში მყოფ პირებს გია და ია დანელიებს დაეკისრათ.

„ჩვენ მას გარანტად  კონკრეტულ თანხაზე დავუდექით, ეს თანხა 180 000 დოლარს შეადგენდა. მან ბანკისთვის ვალის გადახდა ვეღარ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ  ეს კონკრეტული თანხა გადავიხადეთ,   მთელი მისი ვალები ჩვენ დაგვაწერეს და ეს თანხა ჩვენი კუთვნილი  რესტორნის გაყიდვით ამოიღეს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში სისხლის სამართლის, სამოქალაქო და  ადმინისტრაციული სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ ყველგან ჩვენი საქმის  ბლოკირება მოხდა.  მთელი ეს სასამართლო პროცესები სასაცილო არგუმენტებით დაამთავრეს.  ახლა,  ეს საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო და  ამჟამად, მაინც სამართლიანი სასამართლოს იმედი გვაქვს“, - განაცხადა გია დანელიამ.

რესტორნის ყოფილი მეპატრონეების თქმით,  „სოხუმი“ დღესდღეობით ფორმალურად ერთ-ერთ ებრაელ ბიზნსმენზეა გაფორმებული, თუმცა, რეალურად სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნეს ჯგუფის ხელშია.

რესტორნის ყოფილი მეპატრონეები აცხადებენ, რომ გიორგი გოგუაძეს, რომელსაც დღეს თავი სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად მოაქვს, დიდი უკანონობა აქვს ჩადენილი.

 „ამდენი ხნის განმავლობაში, ბატონმა გოგუაძემ ჩვენთან შეხვედრა არ მოისურვა. ახლაც პასუხი არ გასცა ჩვენს კითხვებს. ის სისხლის სამართლის დამნაშავეა, რადგან   სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე გაყიდა ქონება. სასამართლოზე, როგორც დაზარალებული მხარე ისე წარსდგა, ეს სასაცილოა.  ეს რესტორანი ჩვენთვის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა“, - განაცხადა ია დანელიამ.