სახალხო ბანკის ყოფილ მფლობელებს

სახალხო ბანკის ყოფილ მფლობელებს "ეროვნული ბანკისა" და "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელებმა პრობლემის კონსტრუქციული გზით მოგვარება შესთავაზეს

„სახალხო ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი გოგუაძის განცხადებით, „ლიბერთი ბანკის" დამფუძნებლებსა და ამჟამინდელ ხელმძღვანელებს შორის არსებული პრობლემები შესაძლოა, მშვიდობიანი მოლაპარაკებითა და  კონსტრუქციული გზით მოგვარდეს.

ამის შესახებ გოგუაძემ "for.ge"–ის პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გოგუაძის განცხადებით,  ბრიფინგის დაანონსების შემდეგ, მას "ეროვნული ბანკიდან" და ასევე   "ლიბერთი ბანკიდან" დაუკავშირდნენ. და კონსტრუქციული დიალოგი შესთავაზეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ცალკეული შეფასებებისგან თავს შეიკავებენ, რადგან ცალმხრივმა ფორმულირებებმა პროცესი არ დააზარალოს. 

"აგრესიული გამონათქვამების გაკეთებას არ ვაპირებთ, ჩვენ ვიწყებთ დიალოგს და კონსულტაციებიდან გამომდინარე, არ გავავრცელებთ დღეისითვის დაგეგმილ საგანგებო განცხადებას, რადგან არ გვსურს, ცალმხრივ ფორმულირებებზე საუბარი.

ჩვენ ვთვლით, რომ კონსტრუქციული დიალოგი სჯობს. ბანკის ხელმძღვანელი ამჯამად ქალაქში არ არის, ამიტომ შეფასებებისგან თავს შევიკავებთ და დავიწყებთ მოლაპარაკებებს, რომლის შესახებ ინტენსიურად მოგაწვდით ინფორმაციას. ამასთან, თქვენ იცით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოწოდებულია ყველა პრობლემა მოლაპარაკების გზით მოგვარდეს. ამიტომ ჩვენც გვინდა კონსტრუქციული და მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე დავაზუსტოთ ჩვენი ურთიერთობა. თქვენ ხედავთ, რომ დღეისათვის ჩვენ არავისზე რაიმე სახის ბრალდების წაყენებას არ ვაპირებთ. ბანკის ხელმძღვანელები  სამშაბათს ჩამობრძანდებიან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა იქნება საინტერესო ორივე მხარისთვის და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველასთვის საინტერესო წინადადადებას ჩამოვაყალიბებთ", ამიტომ მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთაშაბათს საბოლოო განცხადებას გავაკეთებთ", - განაცხადა გოგუაძემ.

ამასთან, მისი განმარტებით, ბანკი ამ ეტაპზე სერიოზულ  სოციალურ პროექტებს ემსახურება და აღნიშნა, რომ ისინი არ აპირებენ ამისათვის ხელისშეშლას.

„ბუნებრივია არ ვართ დაინტერესებულნი არაინაირი რყევებით, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს ამ ბანკის მომსახურებით. მე იმედი მაქვს, ორივე მხარე ღირსეულად და მოლაპარაკებების გზით დავაზუსტებთ ყველა საკითხს. ასევე მჯერა, მათი კლიენტურა და ჩვენი სოციალური სფეროს მომსახურე პირები არ იგრძნობენ რაიმე სახის გაურკვევლობას“, - დასძინა გოგუაძემ.

ამასთანავე, მისი თქმით, შესაძლებელია ეს იყოს მაგალითი სხვა საწარმოებსა თუ ფინანსურ კომპანიებს შორის ურთიერთობის კონსტრუქციული და მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით გასარკვევად.

  ცნობისთვის, გოგუაძესთან ერთად ბრიფინგს "სახალხო ბანკის" სხვა დამფუძნებლები, ირინა ჯინჭარაძე, გოგი ბურჭულაძე და ალიონა კოვალენკო ესწრებოდნენ, თუმცა მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ "სახალხო ბანკი" მისმა დამფუძნებლებმა 2009 წელს დათმეს. მაშინ ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო ინსტიტუტი 12,51 მილიონად გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ბრიტანულმა საინვესტიციო ჯგუფმა შეიძინა.
ბანკი, რომლის სახელიც 2005 წელს მოსკოვში მოკლულ ქართველ ბიზნესმენს, მამუკა ჯინჭარაძეს უკავშირდება, 2002 წელს დაფუძნდა.

"სახალხო ბანკის" აქციონერები იყვნენ: გიორგი გოგუაძე (9,59%), რომელიც ჯერ კიდევ მოქმედ პარლამენტში ისნის მაჟორიტარად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით შევიდა, ირინა ჯინჭარაძე (24,88%), შპს "სტარქორდ რესურსიზი" (20,18%), ელენე კოვალენკო (20,18%) და სხვა წვრილი აქციონერები. 
ამჟამად ბანკის მფლობელია  "საქართველოს ბანკის" ყოფილი გენერალური დირექტორი და 2007-2008 წლების პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე.