ვიქტორ ორბანი: ქართველმა ხალხმა არ მოისურვა გაგრძელებულიყო ის წარმატებული პოლიტიკა, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება ახორციელებდა

ვიქტორ ორბანი: ქართველმა ხალხმა არ მოისურვა გაგრძელებულიყო ის წარმატებული პოლიტიკა, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება ახორციელებდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ქართველმა ხალხმა ცხოვრების გაგრძელების რთული გზა აირჩია.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა.

მისი განცხადებით, ქართველმა ხალხმა არ მოისურვა გაგრძელებულიყო ის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება ახორციელებდა, თუმცა აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარში უდგას ქართველ ხალხს და კვლავ მის ერთგულ მეგობრად რჩება.

„საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გაიმართა. პროცედურები საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. საბოლოოდ, ეს იყო ქართველი ხალხის გადაწყვეტილება და სურვილი, თუ როგორ გააგრძელონ ცხოვრება. მათ ძალიან რთული გზა აირჩიეს. მათ არ მოისურვეს გაგრძელებულიყო ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება ახორციელებდა და რომელიც, ჩვენი აზრით, წარმატებული და სწორი იყო. ჩვენი შეფასებით, ეს იყო ის გზა, რომელიც ქვეყნის წარმატებულ ეკონომიკას ქმნიდა. არჩევნებზე ხალხმა აჩვენა, რომ მას სხვა პოლიტიკა სურდა. ქართველ ხალხს და საქართველოს წარმატებებს ვუსურვებ. კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო, რომ უნგრეთი მხარში უდგას ქართველ ხალხს და კვლავ მის ერთგულ მეგობრად რჩება", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.