ირაკლი ალასანია:ავღანეთიდან  ქართული კონტიგენტის გამოსვლა 2014 წლიდან იგეგმება

ირაკლი ალასანია:ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა 2014 წლიდან იგეგმება

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა ის ტვირთი და ვალდებულებაა, რომელიც საქართველომ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აიღო.

 ალასანიას თქმით, ძალიან მძიმეა ისაუბრო მისიის გაგრძელებაზე, ამ პოლიტიკის გაგრძელებაზე, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცი დავკარგეთ, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველო მისიაში მონაწილეობას განაგრძობს და ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა მხოლოდ 2014 წლიდან, ქვეყანაში სამშვიდობო მისიის დასრულების შემდეგ დაიწყება.

„ძალიან მძიმეა ისაუბრო მისიის გაგრძელებაზე, ამ პოლიტიკის გაგრძელებაზე, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცი დავკარგეთ. მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, ეს არის ის ტვირთი, რაც საქართველომ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აიღო. ასეთი ტრაგედიისგან დაზღვეული არავინაა. გაგრძელდება ეს მისია, ვიდრე არ დასრულდება ჩვენი მისია. 2014 წლისთვის იწყება და იგეგმება პრაქტიკულად საერთაშორისო ძალების გამოსვლა ავღანეთიდან. სწორედ, ამის მერე ჩვენ დავიწყებთ ზრუნვას ჩვენი ბიჭების სამშობლოში დაბრუნებაზე“, - განაცხადა ალასანიამ.

მან აღნიშნა, რომ როგორც მომავალი თავდაცვის მინისტრის მთავარი საზრუნავი იქნება ჯარისკაცის უზრუნველყოფა ყველა საჭირო რესურსით, რათა მან თავისი მისია ღირსეულად შეასრულოს.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული კაპრალის,  მინდია აბაშიძის ოჯახსაც მიუსამძიმრა. ამ მიზნით ალასანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში აბაშიძის ოჯახში პანაშვიდზე იმყოფებოდა.

„ძალიან დიდი ტრაგედიაა. მინდია აბაშიძე არის გმირი. ის იცავდა მთელი მსოფლიოს და ქართველების ღირსებას ავღანეთში ანტიტერორისტულ ბრძოლაში. ძალიან დიდი დანაკლისია ოჯახისთვის. ვუსამძიმრებთ ოჯახს და პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, უფრო მეტად გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს მეომრებზე,  ჩვენს ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით კი მათზე, ვინც ფრონტის ხაზზეა და იცავს ჩვენს ღირსებას“, -  განაცხადა ალასანიამ.

1989 წლის 27 ოქტომბერს დაბადებული მინდია აბაშიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის 4 აგვისტოდან მსახურობდა. ის სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის 32 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. აბაშიძე ავღანეთის სამშვიდობო მისიაში 2010-2011 წლებშიც მონაწილეობდა.