„ლაბორატორია 1918“-სა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჟვანიას მოედანზე „ასავალ-დასავალის“ ქმედებას გააპროტესტებენ

„ლაბორატორია 1918“-სა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჟვანიას მოედანზე „ასავალ-დასავალის“ ქმედებას გააპროტესტებენ

სტუდენტური მოძრაობა "ლაბორატორია 1918" გაზეთ "ასავალ-დასავალის" რედაქციასთან საპროტესტო აქციას გამართავს. მოძრაობის წარმომადგენლებმა ჟვანიას მოედანზე შეკრება უკვე დაიწყეს.

„ლაბორატორია 1918“-ის წევრის ანი ჭანკოტაძის განცხადებით, ისინი გაზეთ „ასავალ დასავალში“ გლდანის ციხის თანამშრომლების ვინაობისა და მისამართების გამოქვეყნებას აპროტესტებენ და გაზეთის რედაქციისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედება ციხის თანამშრომლებს საფრთხის ქვეშ აყენებს, რადგან შესაძლოა, მათ მოსახლეობა თავს დაესხას.

„გაზეთში მათი მისამართებია დაფიქსირებული. შესაძლოა, მოსახლეობა მათ სახლებში მიუვარდეს. ეს ფაქტიურად, ძალადობის პროპაგანდაა და ვფიქრობთ, რომ მსგავსი ფაქტი დაუშვებელია. სიტყვის თავისუფლება არ გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეებს საფრთხე შეექმნათ “ - განაცხადა ჭანკოტაძემ.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები ჟვანიას მოედნიდან შარტავას ქუჩაზე, გაზეთის რედაქციასთან გადაინაცვლებენ.

ცნობისთვის, გაზეთმა „ასავალ დასავალმა“ გლდანის მე-8 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების სახელები და მისამართები გამოაქვეყნა.