სოსო ცინცაძე: ძალზე საინტერესო ეპოქა იწყება, როდესაც ოპოზიცია ნამდვილი, პოლიტიკურად შეურიგებელი და   უკომპრომისო იქნება

სოსო ცინცაძე: ძალზე საინტერესო ეპოქა იწყება, როდესაც ოპოზიცია ნამდვილი, პოლიტიკურად შეურიგებელი და უკომპრომისო იქნება

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში გადადის, ქვეყნის მშვიდობისა და ნორმალური განვითარებისათვის სწორი გადაწყვეტილება იყო.

ცინცაძის განცხადებით, ამით ქვეყნის პირველმა პირმა არჩევნებთან დაკავშირებით, ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.

„უკვე გამოირიცხა ყოველგვარი საპროტესტო გამოსვლები ხმების დაცვის ლოზუნგით და ქვეყანა  ცივილიზებულ საპარლამენტო ურთიერთობათა რეჟიმში შედის. პრეზიდენტის განცხადებით, ერთი ეტაპი დამთავრდა და ახლა, მეორე ეტაპი საპარლამენტო ურთიერთობა ოპოზიციასა და ახალ მმართველ პარტიას შორის იწყება. 

იწყება  ძალზე საინტერესო ეპოქა იმის გათვალისწინებით,  რომ საქართველოში პირველად,  ოპოზიცია არ იქნება ისეთი,  რასაც ე.წ.  „ჯიბის ოპოზიციას“ უწოდებდნენ. ეს ოპოზიცია იქნება ნამდვილი, პოლიტიკურად შეურიგებელი და  პოლიტიკურად უკომპრომისო“, - განაცხადა ცინცაძემ.

პოლიტოლოგის განცხადებით, უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის ფაქტია, რომ პარლამენტში  ოპოზიციის რეალური ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი არ იქნება და აღნიშნავს, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ უმრავლესობის ლიდერად ირაკლი ალასანიას დაასახელებენ.

 „მიმაჩნია,  რომ ირაკლი ალასანია  ერთადერთი ახალი გენერაციის პოლიტიკოსია, სხვები კი, შეიძლება ითქვას,  უკვე შინაბერები არიან“, - აცხადებს ცინცაძე.

შეკითხვაზე, თუ რისთვის შეიძლებოდა ემზადებოდეს დამარცხებული გუნდის ლიდერი და რამდენად რადიკალური შეიძლება იყოს ოპოზიცია, ცინცაძე აცხადებს, რომ ღია დაპირისპირებებს არ ელოდება, თუმცა რიგი გაუგებრობები მოსალოდნელია.

„რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,  რომ გამარჯვებულებმა ცოცხალი დათვის ტყავის გაყოფა დროზე ადრე დაიწყეს.  ნუ დავივიწყებთ ერთ რაიმეს, რომ კიდევ ერთი წელი  პრეზიდენტი, ყოფილი მმართველი გუნდის ლიდერი სააკაშვილია. ქალაქის მერი, დაახლოებით  სამი წელი ყოფილი  მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი უნდა იყოს. დღეს,  ყველა არჩევით თანამდებობაზე ყოფილი პარტიის წევრები დგანან,  ამიტომ არამგონია ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს,   არჩევით თანამდებობებზე  აღზევებულნი, ახალი მმართველი პარტიის კურსის ცხოვრებაში  გატარებას  უცებ, ხმაშეწყობილნი შეუდგნენ.

ღია დაპირისპირებებს არ ველოდები, მაგრამ რბილად, რომ ვთქვა,  მთელი რიგი გაუგებრობები მოსალოდნელია. ყოფილი მმართველი პარტია არ აპირებს პოზიციები ადვილად დათმოს და  დამარცხებას შეეგუოს, მაგრამ ის, რომ კრიტიკა მძაფრი იქნება,  ეს კარგიცაა“, - განაცხადა ცინცაძემ.

რაც შეეხება, უშიშროების საჭოს მდივნის გიგა ბოკერიას გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმად,  „დღევანდელი კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს უფლებას, რომ საერთოდ არ დაამტკიცოს პარლამენტში უმრავლესობით შესული ახალი პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტი, თუმცა ის პატივს სცემს ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრს“  შეკითხვის პასუხად, რაიმე  მუქარის ნიშნები, ხომ არ იგრძნობოდა ბოკერიას ამ განცხადებაში, ცინცაძე აღნიშნავს, რომ  ეს უბრალო გაფრთხილება იყო.

„მუქარა არამგონია. ეს უბრალოდ, გაფრთხილება იყო.  იგივე გიგა ბოკერია საკმაოდ ჭკვიანი პოლიტიკოსია,  იმისათვის,  რომ დღეს მუქარაზე  არ  გადავიდეს. ნამდვილად, შეუძლია პრეზიდენტს, მას კონსტიტუცია აძლევს ნებას,  ახალი მთავრობა არ დაამტკიცოს, მაგრამ ეს უაღრესად სარისკო და წამგებიანი იქნება,  ვინაიდან არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებსა და და „ქართული ოცნების“ მომხრეებს შორის, სხვაობა ძალზე დიდია. გამოვრიცხავ პრეზიდენტი ასეთ ავანტიურაზე წავიდეს“, - განაცხადა ცინცაძემ.