მიხეილ სააკაშვილი: ეს არის დიდი არჩევანი და მე მჭირდება თქვენი დახმარება

მიხეილ სააკაშვილი: ეს არის დიდი არჩევანი და მე მჭირდება თქვენი დახმარება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის ფარგლებში, ეროვნულ სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას,  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  მიმართა. მან  შეკრებილ საზოგადოებას  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო პირველ ოქტომბერს მნიშვნელოვან არჩევანს აკეთებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს  განსაზღვრავს.

მისი თქმით, პირველი ოქტომბერი წარსულსა და მომავალს შორის არჩევანია.

„საქართველო აკეთებს მნიშვნელოვან არჩევანს, რომელიც შეეხება ყველა ოჯახს, ყველა ქალაქსა და ყველა სოფელს. პირველი ოქტომბერი თანაბრად მნიშვნელოვანია,  როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის ისე საზოგადოების  თითოეული წევრისთვის. ალბათ,  აქამდე ასეთი მკაფიო არჩევნის წინაშე არასოდეს  ვმდგარვართ. პირველი ოქტომბერი წარსულსა და მომავალს შორის არჩევანია“, - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ „ეს არის დიდი არჩევანი და მე მჭირდება თქვენი დახმარება“

სააკაშვილმა გამოსვლისას ყურადღება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის შესახებ,  გავრცელებულ კადრებზეც გაამახვილა.

„გასულ კვირას,  ჩვენ ყველამ ვნახეთ,  სულის შემძვრელი კადრები,  უპატიებელი და წარმოუდგენელი დარღვევების შესახებ, რა თქმა უნდა,  ეს შეიძლება მომხდარიყო, თუმცა ეს ამას არ ამართლებს. ჩვენი პასუხი არ იყო გაქცევა, ჩვენი პასუხი არ იყო დამალვა და პრობლემისთვის თავის არიდება, ჩვენი პასუხი ისეთი იყო, როგორი პასუხიც  მთავრობებს ჩვენი ქვეყნის უახლეს წარსულში ექნებოდა.  ჩვენი პასუხი იყო პრობლემისთვის თვალის გასწორება და მისი  გამოსწორება, ამიტომ დატოვა პოსტი ორმა მინისტრმა,  ამიტომაც  დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, ამიტომაც გრძელდება გამოძიება და ამიტომაც სასჯელაღსრულების ახალ მინისტრად სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დაინიშნა“, - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ასე პასუხობს თანამედროვე საქართველო,  ყველაზე  უფრო რთულ გამოწვევებს,  რომელიც შეიძლება მოხდეს.

„ჩვენ არასოდეს არ გვითქვამს მოდით,  ამ პრობლემებს თვალი ავარიდოთ, მოდით,  დავმალოთ, პირიქით, ჩვენ ვთქვით ძალიან კონკრეტულად, რომ  არის პრობლემა, მოდით,  გამოვასწოროთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.