„ადამიანის  უფლებათა ცენტრის“ მონიტორინგის მიხედვით, მთავარ პრობლემად დაუბალანსებული რეკლამა რჩება

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორინგის მიხედვით, მთავარ პრობლემად დაუბალანსებული რეკლამა რჩება

არასამთავრობო ორგანიზაცია  „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  მედიამონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგი 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში,  „ადამიანის უფლებათა ცენტრის“  მონიტორები საზოგადოებრივი მაუწყებელის,  „იმედის“,  „რუსთავი 2“-ის,  „კავკასიის“,  „მაესტროსა“ და „მე-9 არხის“ ეთერში გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ რეკლამებს აკვირდებოდნენ.

ანგარიშის მიხედვით,  ტელევიზიების ეთერში პოლიტიკური რეკლამები დაუბალანსებულია.

ორგანიზაციის აღმსარულებელი დირექტორის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სატელევიზიო არხებზე,  გარდა  „მე-9 არხისა“,  „ნაციონალური მოძრაობის“  რეკლამას ეთერის საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა.

მისი თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ გადის კლიპები, რომლებიც შესაძლოა, ფარულ პოლიტიკურ რეკლამად ჩაითვალოს.

„წინა პერიოდებისგან განსხვავებით,  საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეკლამები დაბალანსებულია. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაშუქების თვალსაზრისით,  სერიოზული პროგრესია, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია“,  - განაცხადა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით,  მთავარ პრობლემად დაუბალანსებული რეკლამა რჩება,  რადგან უმეტესად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეკლამებს უფრო დიდი ადგილი უჭირავს ვიდრე,  სხვა პოლიტიკური სუბიექტებისას.

ნანუაშვილის განცხადებითვე,  ასევე, სოციალური რეკლამის სტატუსით კვლავ გადის რეკლამები,  რომელთაც სოციალური რეკლამის შინაარსი არა აქვთ.

„მოვითხოვთ,  აღნიშნული სფერო კანონმდებლობით დარეგულირდეს. საქართველოს კანონმდებლობა ფარულ რეკლამას არ კრძალავს, თუმცა მას ამომრჩეველთა ნების გამოხატვაზე დიდი და სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია“,  - განაცხადა ნანუაშვილმა.