სასჯელაღსრულების თანამშრომლები  „ქართულ ოცნებას“  შეუერთდნენ

სასჯელაღსრულების თანამშრომლები „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ

საქართველოს სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესყიდვების სამმართველოს უფროსმა ლევან მაღლაკელიძემ,  ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მრჩეველმა ჯაბა გურგენიძემ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის განყოფილების ინსპექტორმა გიორგი ახვლედიანმა პროტესტის ნიშნად, თანამდებობები დატოვეს და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ.

ამ გადაწყვეტილების გახმოვანებათან დაკავშირებით, მათ პრესკონფერენცია „ინტერპრესნიუსის“  ოფისში გამართეს.  

სასჯელაღსრულების,  პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს უკვე ყოფილი თანამშრომლები პატიმრების ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ და მომხდარს გმობენ.

„გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას საქართველოს ციხეებში მომხდარ შემზარავ ფაქტებთან დაკავშირებით. ვგმობთ ამ უმსგავსობას და არაადამიანობას. სოლიდარობას ვუცხადებთ პატიმრებს და მათ ოჯახებს. ვემიჯნებით ამ სისასტიკეს და პროტესტის ნიშნად ვტოვებთ დაკავებულ თანამდებობებს. ვუერთდებით კოალიცია „ქართულ ოცნებას“. გვჯერა,  რომ კოალიცია მოახერხებს ააშენოს არა ისეთი ფასადური დემოკრატია, რომელიც ერთ დღეში „ჩამოიშლება“  არამედ,  ქართულ ტრადიციებზე და ევროპულ ღირებულებებზე დამფუძნებული ლიბერალური დემოკრატია“,  - განაცხადეს სასჯელაღსრულების სამინისტროს უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა.

მათი ინფორმაციით, პატიმართა წამების შესახებ გავრცელებული ვიდეომასალების შემდეგ სამინისტრო 15-ზე მეტმა თანამშრომელმა დატოვა.

მათივე თქმით, წამოსვლა კიდევ ბევრს უნდა,  თუმცა ზეწოლისა და სამსახურის დაკარგვის ფაქტორის გამო გამო,  თავს იკავებენ.