მეთიუ ბრაიზა: ციხის სკანდალი პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობისთვის სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს

მეთიუ ბრაიზა: ციხის სკანდალი პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობისთვის სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს

"ციხის სკანდალი პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობისთვის სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს“, - ამის შესახებ "ბლუმბერგთან" სატელეფონო საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ ევროპულ და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ განაცხადა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს მოუწევს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ ციხეში არსებული პრობლემების მოგვარებას მართლა აპირებს.

სტატიის მიხედვით, საზოგადოების აღშფოთებამ, რომელიც ქართულ ციხეში პატიმართა წამების ამსახველ ვიდეოს მოყვა, ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის მოკავშირე პრეზიდენტ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის მომავალი კარსმომდგარ არჩევნებში.

„სამაგიეროდ ციხის სკანდალზე საზოგადოების ასეთი მკვეთრი რეაქცია მილიარდერ ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს", - ნათქამია სტატიაში.

მასალის ავტორები, ჰელენ ბედველი და ჰენრი მაიერი აღნიშნავენ, რომ როცა პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით 20 პროცენტით უსწრებდა თავის ძირითად ოპონენტს, 18 სექტემბერს გამოქვეყნებულმა წამების ამსახველმა ვიდეომ მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

"ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კი, რომელსაც მთავრობა რუსეთთან კავშირში დებს ბრალს, საზოგადოებას სააკაშვილის მმართველობის დასრულება აღუთქვა. ივანიშვილის ამ ნაბიჯმა გაზარდა მომავალ არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შანსები, თუმცა პირველ საზოგადოებრივი აზრის პირველი გამოკითხვა მხოლოდ დღეს გამოქვეყნდა", - აღნიშნულია "ბლუმბერგის" სტატიაში.

„ბლუმბერგმა" ქართველო პატიმრების წამების საკითხზე სტატია შემდეგი სახელწოდებით გამოაქვეყნა: „სახალხო აღშფოთებამ რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის საარჩევნო შანსები გაზარდა".