მედიასაშუალებებს არჩევნებთან მიმართებაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება ხვალიდან აეკრძალებათ

მედიასაშუალებებს არჩევნებთან მიმართებაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება ხვალიდან აეკრძალებათ

არჩევნების დღესთან დაკავშირებით მედიისთვის ხვალიდან ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც მედიასაშუალებებს არჩევნებთან მიმართებაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აეკრძალებათ.

 ამ შეზღუდვას საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს. კანონმდებლობის თანახმადვე, ტელევიზიასა და რადიო-საშუალებებს კი, უშუალოდ კენჭისყრის დღეს - 1-ელ ოქტომბერს მხოლოდ წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ეკრძალება. ამას საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს.

კერძოდ, ”საარჩევნო კოდექსის” 50-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება (საუბარია, მათ შორის ე.წ. ეგზიტპოლებზე), გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. კოდექსის 51-ე მუხლის 16-ე პუნქტის გათვალისწინებით კი, კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.

ამასთან, საკუთრივ 1 ოქტომბრიდან საკაბელო კომპანიები ე.წ. Must Carry-ის პრინციპის დაცვის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ”საარჩევნო კოდექსის” 51-ე მუხლის 17 პუნქტში ნათქვამია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია საერთო მაუწყებელები მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში განათავსოს. გათიშავენ თუ არა ე.წ. საკაბელოები Must carry-ის პრინციპის დაკანონების საფუძველზე მათ პაკეტებში ჩართულ სატელევიზიო არხებს, ეს მათ ნებაზეა დამოკიდებული - იმის მიუხედავად, რომ კანონი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს Must carry-ის არჩევნების დღიდან აღარ უწესებს, მათ პეკეტებში ჩართული არხების გათიშვას არ მოითხოვს.